გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მართალია, მოწმემ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო, მაგრამ დაადასტურა, რომ მცხეთაში ავტომაგისტრალზე „ტოიოტას” მარკის ავტომობილიდან გადმოსული რვავე პირი ჩხუბში მონაწილეობდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბრეგვაძემ აბსოლუტურად ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.
„აღნიშნულ პროცესში არასრულწლოვნები იღებენ მონაწილეობას და მოკლებული ვარ უფლებას, კონკრეტული დეტალები მოგახსენოთ. იაკობ ბრეგვაძემ უპასუხა უამრავ კითხვას, როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩემი კოლეგების. იაკობისთვის იყო უცნაური, რომ ბევრი კითხვა მეორდებოდა, მაგრამ კოლეგების მესმის. იაკობმა ყველა კითხვას უპასუხა. ყველასთვის ცნობილია, რომ მას არასოდეს უთქვამს კონკრეტული პირების ამოცნობა შემიძლიაო, შესაბამისად, მსგავსი საუბარი არ იყო.
მან თქვა, ის რვა ადამიანი, რომლებიც იქ იყვნენ, ანუ გადმოსული ავტომანქანიდან და პლუს ის ორი, ვინც უკან მოდიოდა, მათი სახელები და გვარები არ იცის და მათი ამოცნობა არ შეუძლია, მაგრამ თითოეული მათგანი იღებდა ჩხუბში მონაწილეობას. მან მოქნეული ხელები დაინახა, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს ხვდებოდა თუ არა, არ დაუნახავს. „ტოიოტას” მგზავრებზეც იყო კითხვები. ეს ლოკაციის სხვა ადგილია, კიბიდან რომ ჩამოვიდა, მან ფანჯრიდან დაინახა ორი ადამიანი, სავარაუდოდ მისიანები. ამ დროს გაჩერდა ავტომანქანა, დაიწყო ჩხუბი. შემდეგ აბრუნდა და აღარაფერი აღარ უნახავს.
იაკობ ბრეგვაძემ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს თქვა, რომ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე აივანზე დგომისას დაინახა მეორე მხარეს თეთრპერანგიანი ადამიანი, ივარაუდა, იყო ახვლედიანი, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაინახა ორი ადამიანი. ეს ზედ ხიდზე ხდებოდა და არა ხიდის ქვეშ. ხიდის ქვეშ რა მოხდა, მას არ დაუნახავს, არ იცის. ბრეგვაძემ აბსოლუტურად ყველა კითხვას, რომელიც დაისვა, უპასუხა” – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.