“ნანუკა ჟორჟოლიანი წინააღმდეგობას გაუწევს “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს” – ამის შესახებ “მეტრონომს” ანალიტიკოსმა, ნიკა ჩიტაძემ განუცხადა. როგორც იგი საუბრობს, ჟურნალისტი “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იბრძოლებს, რაც, მისი თქმით, საკმარისი იქნება კონკურენციის გასაწევად.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. ნიკა ჩიტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟოლიანს ამ სფეროში გამოცდილება არ აქვს, იგი ცნობილი ჟურნალისტია და ერკვევა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში.
“ნანუკა ჟორჟოლიანს შეიძლება არ გააჩნია პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება, მაგრამ მას ჟურნალისტური მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების გაშუქება, ანალიზი და ა.შ. – იგი ჩახედულია პოლიტიკურ პროცესებში.
კონკურენცია იქნება, რადგან ნანუკა ჟორჟოლიანი არის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. “ნაცმოძრაობა” კი წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ ძალას. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა რეიტინგები, რომლის მიხედვითაც ის ყოველთვის მეორე ადგილზეა. “ნაციონალური მოძრაობა” როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემის ფარგლებში გაუწევს წინააღმდეგობას “ქართულ ოცნებას,” მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანი გაუწევს წინააღმდეგობას “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს” – განაცხადა ჩიტაძემ.
წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი დევი ჭანკოტაძე უნდა ყოფილიყო. “მეტრონომის” კითხვაზე, რატომ ნანუკა ჟორჟოლიანი და არა გენერალი დევი ჭანკოტაძე, ჩიტაძემ თქვა, რომ ეს მისთვისაც ამოცანად რჩება.
“საინტერესოა უშუალოდ ის ფაქტი, რატომ ნანუკა ჟორჟოლიანი და არა დევი ჭანკოტაძე. ვიცით, რომ დევი ჭანკოტაძე არის ქვეყნის გმირი და ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის. “ნაცმოძრაობის” ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, თუ რატომ იქნა წარდგენილი ნანუკა ჟორჯოლიანი და არა დევი ჭანკოტაძე” – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ “მეტრონომთან.”
თამარ შუკვანი