ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

თამარ მოსიაშვილი: „ტელესკოლაზე“ მილიონები იხარჯება, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან განათლების მიღმა 

ტელესკოლაზე“ იხარჯება მილიონები, მაგრამ განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია“, – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა, თამარ მოსიაშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის დასაწყისში, რაც მოულოდნელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დადგა სერიოზული პრობლემის წინაშე:

„იყო რისკი, რომ სკოლები საერთოდ დახურულიყო, საბედნიეროდ, დაიწყო დისტანციური სწავლება, მაგრამ აქვე გაჩნდა ერთი პრობლემა, ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერი, არ აქვთ უწყვეტი ინტერნეტი და რა უნდა ქნან? ამ დროს, სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ დაიწყებდა „ტელესკოლას“, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა სწორედ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებდნენ დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვას“, – აღნიშნა მოსიაშვილმა.

ექსპერტის განმარტებით, „ტელესკოლას“ აქვს ორი სერიოზული პრობლემა:

„მან მიზანს ვერ მიაღწია და გაკვეთილები ვერ გახდა განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების სწავლების საშუალება. მე არ ვაკრიტიკებ და არც აქამდე გამიკრიტიკებია „ტელესკოლის“ არცერთი მასწავლებელი –  ეს ადამიანები კითხულობენ ლექციებს, კონკრეტულ თემაზე, მაგრამ ამ საქმეში იხარჯება მილიონები, მათ მიერ წაკითხული ლექციები კი ვისთვისაა? დღეს საქართველოში ძალიან სერიოზულ პრობლემად რჩებიან განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები , რომლებსაც არც კომპიუტერი აქვთ და არც ინტერნეტი. დიდ ქალაქებში სკოლებში სიარულიც რომ განახლდეს, რამდენიმე დღე, ამ ბავშვებს მოუწევთ დისტანციურად სწავლა. ამ ადამიანებს არ აქვთ ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები, ამ ბავშვებისთვის ეს „ტელესკოლა“ არაა“.

მეტრონომი: გულისხმობთ, რომ მათ ტელევიზორიც არ აქვთ? 

თამარ მოსიაშვილი: პრობლემა მხოლოდ ტელევიზორის არქონას არ უკავშირდება, ვიდეოლექცია არ არის ცოდნის გადაცემის საშუალება, ცოდნის გადაცემა არის მასწავლებლის და მოსწავლის ინტერაქცია. შესაძლებელი იყო, დამატებითი მითითებები გადაეგზავნათ სკოლებისთვის, როგორ შეემსუბუქებინათ ციფრული დაყოფის პრობლემა „ტელესკოლის“ ვიდეოებით, მაგრამ ასეთი არაფერი მომზადებულა და მარტივიც არაა, ტელერესურსი გახდეს განათლების წყარო. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოებს აზიარებდნენ საქართველოში მცხოვრები უცხოელები, რომლებსაც ქართული ენის შესწავლა სურთ. ცხადი ხდება, რომ მიზნობრივ ჯგუფზე კვლევა არაა ჩატარებული, მაგრამ ჩემი მოკვლევით, ინტერვიუებით, ფოკუს ჯგუფებით – რაც მოვიპოვე სკოლებისგან, „ტელესკოლა“ არ არის საშუალება, რომ ეს ბავშვები ჩართონ პროცესში“.

ექსპერტის შეფასებით, გადაცემის პიარი სწორედ ისეთ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც პირადად ვერ ამოწმებენ „ტელესკოლის“ ეფექტურობას.

„როცა ჩემი შვილი დადის სკოლაში და აქვს ყველაფერი – კომპიუტერი, ინტერნეტი … მგონია, რომ სახელმწიფომ „ტელესკოლა“ გააკეთა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც არანაირი რესურსი აქვთ. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით და ცოტანი ვართ ასეთები, გამოჩნდნენ პროექტის მხარდამჭერები, რომელთა შორის იყვნენ სწორედ „ტელესკოლაში“ დასაქმებული პირები ან ადამიანები, რომლებმაც სამინისტროს ინტერესების გამტარებელი პროექტი მოიგეს, ორი თვის შემდეგ კი დაიწყეს მსუბუქი კრიტიკა. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან მანკიერი ჩვევაა. მედია გაჯერებული იყო ადამიანებით , რომლებიც ხსნად მიიჩნევდნენ ამ პროგრამას“ – თქვა მან.

მეორე პრობლემად თამარ მოსიაშვილი იმას მიიჩნევს, რომ ადამიანთა ნაწილის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გახდეს BBC, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელია, ძალიან დამოუკიდებელია და აქვს საგანმანათლებლო არხები უამრავ თემაზე, კარგად გადაღებული და მომზადებული, ეს კი, მისი აზრით, „ტელესკოლაზე“ გავლით,  შეუძლებელია.

„როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან მინდა, მსგავსი შეიქმნას საქართველოში. ზოგი ამბობს, რომ  მართალია „ტელესკოლამ“ პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ამით საფუძველი ეყრება საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო ფუნქციას. აქაც არასწორი მიწოდებაა ინფორმაციის, თითქოს ვინც ამას ამბობს, ამბობ სიმართლეს, მაგრამ ძალიან ყალბ საფუძველზე დგას ეს ნათქვამი, რადგან BBC საგანმანათლებლო პროგრამებს აკეთებს დამოუკიდებლად, საქართველოში კი აღამსრულებელი ხელისუფლების ნაწილი – განათლების სამინისტრო, რომელსაც აკომპლექტებს პარტია –  ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა „ქართული ოცნება“, ეს ჩვეულებრივი ამბავია – მმართველი ძალა ნიშნავს მინისტრებს, მაგრამ მიუღებელია, როცა სახელმწიფო უწყება იჭრება საზოგადოებრივ მაუწყებელში და ამზადებს გაკვეთილებს, ამ შემთხვევაში, მას ვეღარ ვხედავთ, როგორც დამოუკიდებელს, ვხედავთ სახელმწიფოს ვიდეოპროდუქტების გამტარად“, – გვითხრა თამარ მოსიაშვილმა.

– ფიქრობთ, რომ განათლების სამინისტრო არ უნდა ერეოდეს მსგავსი ტიპის პროექტებშიც? 

– არ უნდა ერთვებოდეს, იმიტომ რომ არ არის კომპეტენტური, არ შეიძლება, ჩინოვნიკი იყოს კომპეტენტური. ის ფილტრით არჩვს მასწავლებელს და შეიძლება, პოლიტიკური ლოიალობა გამოიჩინოს. მაგალითად, გია მურღულიას მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში აბსოლუტური პოლიტიკური ლოიალობაა. არსებობს ფილტრები და როცა ვამბობთ, რომ გვინდა დამოუკიდებელი ტელევიზია, მაგრამ სახელმწიფო უწყება ამზადებს ვიდეოგაკვეთილს, არ უნდა ჩავთვალოთ ეს არხის საგანმანათლებლო ფუნქციად. ეს საზოგადოებას გამორჩა“. – განაცხადა განათლების სპეციალისთმა.

თამთა ქარქაშაძე

 

 

 

 

 

იტვირთბა....