ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“სააკაშვილი ვითარებას ამაზე მეტად ვერ დაძაბავს” – ანალიტიკოსი “მეტრონომთან”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მისი ბოლო განცხადებაა. ექს-პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ამასთან, ინკლუზიური. სააკაშვილი საზოგადოების კოალიციას ხედავს, თუმცა, პარტიულ კოალიციას – არა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას “მეტრონომთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს იმ ამომრჩევლის დაბრუნებას, რომელიც ერთ დროს “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერდა მხარს.

როგორც ძაბირაძე ამბობს, ექს-პრეზიდენტის მიზანია ჩამოაყალიბოს აზრი, რომ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ჩანან. ძაბირაძის თქმით, იგივეს ჩვენებას ახდენს, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

“სააკაშვილი მისი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს. მისი ასეთი განცხადებები მიზანმიმართულია დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნებისკენ. ეს უფრო მიმართულია იმ პოლიტიკური ჯგუფების საწინააღმდეგოდ, რომლებიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაში იყვნენ, ვიდრე  “ქართული ოცნების” და ივანიშვილის საწინააღმდეგოდ.

სააკაშვილი ცდილობს ის აზრი დაამკვიდროს, რომ ამ ქვეყანაში არის ორი ძალა, – სააკაშვილი და ივანიშვილი. იგივეს ცდილობს ბიძინა ივანიშვილიც” – თქვა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ ერთგვარ შეთანხმებას სააკაშვილის ბოლო განცხადება საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან ვითარება ამაზე მეტად ვეღარ დაიძაბება.

“არ მგონია, სააკაშვილი უფრო შორს წავიდეს. სულ რამდენიმე მანდატზეა საუბარი. ამ შემთხვევაში შესაძლოა სააკაშვილს სჭირდებოდეს სხვა პარტიების ელექტორატის მოზიდვა. სხვა ოლქებში ყველამ თავისი კანდიდატურა დააყენა. ოპოზიციასთან დაპირისპირება ამ მიმართულებით არაფერს აძლევს.

ამაზე მეტად დაძაბულობა რა უნდა გაღრმავდეს? – სააკაშვილი ცდილობს იმ ამომრჩევლის დაბრუნებას, რომელიც დღეს მხარს უჭერს მაგალითად “ევროპულ საქართველოს,” მაგრამ გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყო” – აღნიშნა ძაბირაძემ “მეტრონომთან.”

თამარ შუკვანი
იტვირთბა....