ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თუკი, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდა, მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას” – პროკურორი

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდება, ნებისმიერი პირის მიმართ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ გუმბერიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

“დღევანდელი დაკითხვა დავით ფუცხვანიძესთან მიმართებაში წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება. მიხეილ რამიშვილთან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, რაც მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა. ბატონმა მიხეილ რამიშვილმა ფოტოსურათები წარმოგვიდგინა და მისი საქმეზე, როგორც მტკიცებულების დართვა მოითხოვა. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, მან როგორც ადვოკატმა მოიტანა ფოტოსურათები და ჩვენგან მოითხოვა მოცემულობად მიგვეღო და გარემოება შეგვესწავლა, რადგან ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 19 ივლისს, მაწევანის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

არ მინდა შევაფასო, რომ გარკვეულწილად ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ, რადგან ამ საქმეში ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც, მიხეილ რამიშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიების მიხედვით არ განვიხილავთ. ვატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას საქმესთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდა, ნებისმიერი პირის მიმართ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები და ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში წარმოგვიდგინა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მონტაჟის შედეგად არის მიღებული, შეიცავს ცრუ ინფორმაციას და ყალბია. ასევე აღმოჩნდა სხვა ფოტოსურათები, რომელიც სატელიტის ფოტოებს უკავშირდებოდა. ჩვენ ამ გარემოებებთან გვექნება კითხვები. ასევე დავაზუსტებთ იმ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბაღად”, რადგან საჯაროდ ბატონი მიხეილ რამიშვილის სხვა განმარტებებს ვისმენთ, თუმცა, ტელეფონის დათვალიერებით დგინდება, რომ გადმომგზავნი პირი, ვინც ჩაწერილი ჰყავდა 2020 წლის 9 სექტემბერს, არის დავით ფურცხვანიძე. შემდეგ ვინ შეცვალა, ვინ ჩაწერა კონტაქტი და რა სახელი დაარქვა მიხეილ რამიშვილმა მის ტელეფონში გარკვეულ პირებს, ჩვენი განსახილველი არ არის. დღეის მოცემულობით ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც „დავითი სატელიტები”, მაგრამ მიმოწერით სულ სხვა ფაქტი დგინდება” – განაცხადა გუმბერიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

იტვირთბა....