ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„რეინკარნირებული ქრისტე“ – რუსეთში კულტის ლიდერი დააკავეს

რუსეთში დააკავეს საგზაო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ირწმუნება, რომ რეინკარნირებული ქრისტეა.

„გარდიანის“ ცნობით, 59 წლის სერგეი ტოროპი, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ციმბირში რელიგიურ კულტს ლიდერობდა.

სამართალდამცავებმა, მის დასაკავებლად, ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომელშიც ჩართული იყო ვერტმფრენები და შეიარაღებული ოფიცრები, რომლებიც თემში შევიდნენ და ტოროპი ორ თანაშემწესთან ერთად დააკავეს.

ვიზერიონი: 

დაკავებული გრძელი თმასა და წვერს ატარებდა და მას მიმდევრები ვიზერიონს ეძახდნენ.

მედიასაშუალების ცნობით, ტოროპი ხალხისგან ფულს აგროვებდა და მათზე ემოციურად ძალადობდა.

მის კომუნაში შერეული იყო მართლმადიდებლური რიტუალები და სხვა წესები, სავალდებულო იყო ვეგანობა და ფულის გამოყენება იკრძალებოდა. შეზღუდვები ეხებოდა ჩაცმულობასაც.

წელთაღრიცხვას ითვლიდნენ 1961 წლიდან, მას შემდეგ, რაც ვიზერიონი დაიბადა, შობა კი 14 იანვარს, მის დაბადების დღეზე აღინიშნებოდა.

„გამოღვიძება“: 

სერგეი ტოროპი, რომელმაც სამსახური 1989 წელს დაკარგა, აცხადებდა, რომ გარდასახვა განიცადა მაშინ, როცა საბჭოთა რეჟიმის კოლაფსი დაიწყო. 1991 წელს კი დააფუძნა მოძრაობა სახელით – „ბოლო აღთქმის ეკლესია“. მას მრავალი ათასი მიმდევარი ჰყავდა, მათ შორის, პილიგრიმები უცხოეთიდან.

„მე ღმერთი არ ვარ და შეცდომაა იესოს ღმერთად აღქმა, მაგრამ მე ვარ მამა ღმერთის გაცოცხლებული სიტყვა, ყველაფერს, რის თქმაც სურს უფალს, ჩემი საშუალებით ამბობს. უთხრა ვიზერიონმა „გარდიანს“ 2002 წელს.

რუსული მედიის ინფორმაციით, კულტის თავდაპირველი იდეოლოგია სხვა იყო – ლიდერი ამბობდა, რომ ვიზერიონი ხალხს დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტიდან აკვირდებოდა და წმინდა მარიამი მართავდა რუსეთს, თუმცა მოგვიანებით მან თავი ქრისტედ გამოაცხადა.

„უცნობია რა ელით მის მოწაფეებს, ისიც უცნობია, მაინცდამაინც ახლა რატომ დააკავეს ის. რუსულ მედიაში წერენ, რომ შესაძლოა, საქმე ადგილობრივ  ბიზნესთან დავას უკავშირდებოდეს“, – წერს „გარდიანი“.

თამთა ქარქაშაძე

იტვირთბა....