ახალი ამბები

“რუსეთის სამდეხდრო ბაზებისა და ტექნიკის გაძლირება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში” – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე – აღნიშნულ საკითხზე ანგარიში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა.

დოკუმენტში განხილულია ორივე ოკუპირებულ რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებები, რომელთა მეშვეობითაც ამ უკანასკნელმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები.

“ანგარიშის თანახმად, რუსეთის გაზრდილ ჩარევას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. გამყოფი ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების უმეტესობის ჩაკეტვამ სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებების რიცხვი. გადაადგილების თავისუფლებაზე მკაცრმა შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანების საარსებო პირობებზე, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე და ხელი შეუწყო ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას.

ანგარიშში ხაზგასმულია ეთნიკური ქართველების მკვლელობის შემთხვევები რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2014 წლიდან დღემდე განსაკუთრებული სისასტიკით საქართველოს ოთხი მოქალაქეა მოკლული: 2014 წელს – 18 წლის დავით ბაშარული, 2016 წელს – 31 წლის გიგა ოთხოზორია, 2018 წელს – 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, 2019 წელს – 29 წლის ირაკლი კვარაცხელია.

გამყოფი ხაზის გასწვრივ მთელ პერიმეტრზე რუსეთის ფსბ-ს ნაწილების განლაგება პირდაპირი და გადატანითი მნიშნელობით ქართველებსა და აფხაზებს/ქართველებსა და ოსებს შორის პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობის კონტროლს ემსახურება.

ანგარიშის დასკვნით ნაწილში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი  საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციებით მიმართავს.

საქართველოს მთავრობას

გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტების მიმართ; ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტების გამო საერთაშორისო დონეზე დააყენოს რუსეთის ფედერაციის, როგორც ორივე რეგიონში ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დასაცავად შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის გაძლიერებისა და უკანონო სამხედრო საქმიანობის საკითხი, რომელიც რისკს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას, მუდმივი დღის წესრიგის მთავარ თემად წარმოაჩინოს როგორც საერთაშორისო ინსტიტუტებში, ასევე ქვეყნის პარტნიორებთან მუშაობისას.

საერთაშორისო ორგანიზაციებს

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას; გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ აღნიშნულ რეგიონებში მუშაობის შესაძლებლობა მისცეს უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს;  შეიმუშაონ ეფექტიანი მექანიზმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონის მშვიდი და უსაფრთხო განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.”

იტვირთბა....