საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„ძვირფასო სტუდენტებო, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ სტუდენტობა განსაკუთრებულ უნივერსიტეტში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ გახდით მართლაც გამორჩეული უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრების ნაწილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო დონის საგანმანათლებლო კერა, სადაც საშუალება გექნებათ, მიიღოთ უმაღლესი დონის განათლება. როგორც იცით, უნივერსიტეტის იდეის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ დონის, ამ მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვანი ჰაბი.
თქვენ მართლაც ბედნიერება გხვდათ წილად. თქვენი პროფესორები, გარდა იმისა, რომ არიან ბრწყინვალე მასწავლებლები, ასევე არიან მსოფლიოში ცნობილი მკვლევრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე პირველი კურსიდან გექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთოთ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, რაც, რასაკვირველია, თქვენს სტუდენტურ ცხოვრებას გაამდიდრებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი შემოგთავაზებთ. თქვენს ცხოვრებაში იწყება საინტერესო ეტაპი. დარწმუნებული ვარ, წარმატებული სტუდენტური წლები გექნებათ.დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სწავლის დასრულების შემდეგ კონკურენტუნარიანები იქნებით უკვე მსოფლიო ასპარეზზე“ – განაცხადა მინისტრმა.