„ეს არის ჩემთვის ხელისუფლების ტესტი, რამდენად შეეცდება ის საზოგადოებრივი მაუწყებელი იღლიაში ამოიდოს“ – ლაგაზიძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მეორე ეტაპზე გადასულთა შორის ერთ-ერთი ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძეა, რომელიც “მეტრონომთან” მის მიზნებსა და “პირველ არხთან” დაკავშირებით არსებულ გეგმებზე საუბრობს. სამეურვეო საბჭო შეხვედრას 24 სექტემბერს გამართავს და სწორედ ამ დღეს გაირკვევა, ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი.
როგორც ლაგაზიძე “მეტრონომთან” ამბობს, ობიექტური თვალსაზრისით, აღნიშნული თანამდებობა მან უნდა დაიკავოს, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მას ის ინოვაციური ხედვა აქვს წარმოდგენილი, რაც სხვა კანდიდატებს არ გააჩნიათ. მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობით ის “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ ერთგვარ გამოცდას უტარებს.
“მეტრონომი”: გჯერათ, რომ კონკურსში გაიმარჯვებთ? რა არის თქვენი მიზანი?
ხათუნა ლაგაზიძე: წაუგებელ ბრძოლაში შევედი. ეს არის ჩემთვის ხელისუფლების ტესტი, რამდენად შეეცდება ის საზოგადოებრივი მაუწყებელი იღლიაში ამოიდოს. ამასთან, რამდენად მოახდენს გავლენას ბორდის წევრების გადაწყვეტილებაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ის ხედვა, რომელსაც წარმოვადგენ, ვერ ექნება ვერცერთ კანდიდატს. ამას საზოგადოება ნახავს. ამიტომ ბორდის გადაწყვეტილებაც თვალსაჩინო იქნება: ის არცევანის მოახდენს ინოვაციური ხედვის თუ ხელისუფლების დავალების სასარგებლოდ. ეს იქნება ხელისუფლების ტესტი, თუ რეალურად, როგორ მოიქცევა ის საპარალამენტო არჩევნებზე, რაც თვალსაჩინო იქნება, როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის. ჩემი მისია ამ მხრივაც შესრულებული იქნება.
“მეტრონომი”: თქვენი კონკურენტები არიან ალექსანდრე ვახტანგოვი, თინათინ ბერძენიშვილი და ირმა სოხაძე. როგორ ფიქრობთ, მათგან რომელია ხელისუფლების რჩეული?
ხათუნა ლაგაზიძე: ამას შედეგი გამოაჩენს. თუმცა ერთი რამ ამთავითვე ნათელია: „საზოგადოებრივ მაუწყებელი” ეთერს არ გვითმობს დირექტორობის კანდიდატებს, რომ იმ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ხედვები, ვისი ფულიც დირექტორად არჩევის შემთხვევაში უნდა ვხარჯოთ. არადა, ელემენტარული გონიერება და კეთილსინდისიერება მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან, რომელიც ამავდროულად მონაწილეობს დირექტორობის კონკურსში, რომ კონკურენტებისთვის დაეთმო ეთერი. თინათინ ბერძენიშვილი ამას ვერ ბედავს. რაც ნიშნავს რომ ის ამით ან ასრულებს ხელისუფლების დავალებას, ან მას ეშინია საკუთარი კონკურენტების.
“მეტრონომი”: თუკი კონკურსში გაიმარჯვებთ და დირექტორის თანამდებობას დაიკავებთ, რას შეცვლით საზოგადოებრივ მაუწყებლზე? თქვენი გეგმების და ხედვების შესახებ რომ მომიყვეთ.
ხათუნა ლაგაზიძე: თუ გავიმარჯვებ, აბსოლუტურად ინოვაციური პროექტი მაქვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას. მინდა დავანახო მოსახლეობას, თუ რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორი უნდა იყოს ის რეალურად და როგორ უნდა წარმოადგენდეს იმ ხალხის ინტერესებს, ვინც მასში ფულს იხდის.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება, სხვა თემების გვერდით, რამდენი ფუნდამენტური პრიორიტეტი: საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომში საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გახდეს საინფორმაციო თავდაცვის მძლავრი იარაღი. კერძოდ, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მან უნდა შეაიარაღოს საზოგადოება მიუკერძოებელი ინფორმაციით, მედია-წიგნიერების, კრიტიკული აზროვნების სწავლების და ყალბი საინფორმაციო რესურსების აღმოჩენა-განეიტრალების გზით. ამ მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გახდეს ფეისბუკისა და გუგლის პარტნიორი, ისევე როგორც მისი ბრიტანული და გერმანული ანალოგები.
ერთიანი, პროგრესზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებული სამოქალაქო ერის, საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა: იმ პირობებში, როდესაც საინფორმაციო ომის მიზანი საქართველოს საზოგადოების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ჯგუფებად დაყოფა, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევა, უიმედობის და ფრუსტრაციის გაღვივებაა, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ადგილი, რომელიც გამოწვევების წინაშე კი არ დაყოფს, არამედ გააერთიანებს ერს, საზოგადოებას, ჩაუსახავს მას ოპტიმიზმს, მომავლის რწმენას და დაუსახავს სწორ ორიენტირებს.
განათლება ყველასთვის – ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტური ამოცანა უნდა იყოს. საქართველოს საზოგადოების ადაპტირება თანამედროვე, ინოვაციური, ტექნოლოგიური ერის მოთხოვნებთან და მის მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებად ქცევა. სხვა არავის, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა არ შეუძლია საქართველოს საზოგადოების ფართო ფენების განათლება და ინფორმირება უსწრაფესად განვითარებადი ტექნოლოგიისა და ინოვაციების თანამედროვე ტენდენციებზე, მომავლის ეკონომიკის სფეროებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, მომავლის შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, მომავლის პროფესიებზე და ა.შ.
ასევე საგამოძიებო ჟურნალისტიკა – საგამოძიებო ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა იქცეს საზოგადოების მიერ მათ მიერვე არჩეული ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად. შეიქმნება საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდი, რომელიც აწარმოებს მუდმივ მონიტორინგს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ მმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობაზე და ბიუჯეტის ხარჯვაზე. საზმაუს თავის პროგრამულ პრიორიტეტებშიც და სტრატეგიაშიც უწერია საგამოძიებო ჟურნალისტიკის ვალდებულება და სად არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა?!
და რაც მთავარია, შეიქმნება ჟურნალისტური თავისუფლების დაცვის მყარი გარანტიები, ისევე როგორც მათი სოციალური დაცვის სპეციალური ფონდი და ის მილიონები, რომელიც დღეს გენერალური დირექტორის აპარატის შენახვას ხმარდება, მიემართება სწორედ ამ, ჟურნალისტთა სოციალური დაცვისა და პროფესიული ზრდის ფონდში.
თამარ შუკვანი