„ჩვენ ვართ ერთადერთი კომერციული ლაბორატორია საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშირისო დონის ცოდნა და ექსპერტიზა მოლეკულურ ტექნოლოგიებსა და დიაგნოსტიკურ ტესტებში“ – ონკოლოგიის კვლევითი ცენტრის მოლეკულური ლაბორატორიის დამაარსებელი, გიორგი ხარებავა
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგიის კვლევითი ცენტრის მოლეკულური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ამერიკის მოქალაქე გიორგი ხარებავა, რომელიც წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში მუშაობდა და საქართველოში საკმაოდ დიდი გამოცდილებით დაბრუნდა, მაღლა აღნიშნულ ლაბორატორიაში, ყოველდღიურად COVID 19-ზე უამრავ ტესტს ატარებს. „მეტრონომმა“ გამოცდილ მეცნიერთან დაკავშირება გადაწყვიტა და დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე კოვიდ-სიტუაციაზე ესაუბრა.
„მეტრონომი“: ბატონო გიორგი, თქვენ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გაქვთ მიმდინარე მოვლენებზე, როგორ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. როგორ წარმოგიდგენიათ პანდემიის კონტროლის ეფექტური მიდგომა?
გიორგი ხარებავა: „პანდემიის პირველი ტალღა ყველაზე უკეთესად გაკონტროლდა იმ ქვეყნებში, სადაც თავიდანვე შესრულდა მასიური რაოდენობით ინდივიდების ტესტირება და განხორციელდა წინასწარ, კარგად გათვლილი ზომები, როგორიცაა საკარანტინო პროცედურები და ინფექციის გადაცემის ჯაჭვების გამოვლენა. ასეთი მაგალითებია სამხრეთ კორეა და გერმანია. არ ვფიქრობ, რომ გამართლებულია დრაკონული შეზღუდვების დაწესება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომა ამართლებს.
სამწუხაროდ, ვირუსთან ბრძოლის სამედიცინო რეპერტუარი მწირია და ერთადერთი საშუალება დღეისათვის ინფიცირებული და ჯანმრთელი ინდივიდების გარჩევაა ტესტირების საშუალებით. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენთანაც უნდა მოხდეს ამ მიმართულების ხელშეწყობა და განვითარება. ამასთანავე დავამატებდი, რომ მთავრობამ უშუალოდ მასობრივი ტესტირების ტვირთის პირდაპირ აღების ნაცვლად, უნდა განახორციელოს პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ტესტირების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ინოვაციური და ორიგინალური ტესტირების სქემების დანერგვაზე, ტესტირებისათვის აუცილებელი მდგრადი ინფრასტრუქტურული ელემენტების შექმნასა და განვითარებაზე“.
„მეტრონომი“: რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ადამიანს კორონავირუსი უსიმპტომოდ უვითარდება და არ ვლინდება? როგორც ვიგებთ, მსგავსმა შემთხვევებმა იმატეს ბოლო პერიოდში. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? იმის ხომ არა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა და დასუსტდა?
გიორგი ხარებავა: „ასიმპტომატური შემთხვევები გვხვდება სხვა ინფექციების დროსაც, მათ შორის გრიპის შემთხვევაშიც და აქ კორონავირუსის არ არის განსაკუთრებული. სავარაუდოდ, 6-დან 45%-მდე ინფიცირებულებისა ასიმპტომატურია, თუმცა აქ ორი ტიპია – სრულად ასიმპტომატური და პრე-სიმპტომატური ინდივიდები. დღეს შეუძლებელია ამ შემთხვევების ზუსტი რაოდენობრივი შეფასება. ასევე შეუსწავლელია ასეთი შემთხვევების არსებობის ბიოლოგიური მხარე და მექანიზმები. არსებობს რიგი თეორიებისა, მათ შორის პირველი არის წინასწარი იმუნიტეტის არსებობა რომელიც ეფექტურად წმინდავს ორგანიზმს ვირუსისაგან და არ აძლევს მას ორგანიზმისათვის ზიანის მიყენების საშუალებას. დამატებით შესაძლებელია მიზეზები იყოს უფრო სუფთა ბიოლოგიიური, ანუ გენეტიკური პოლიმორფიზმები, გენების ექსპრესიის სხვადასხვა დონე და სპექტრი სხვადასხვა ასაკისა თუ მდგომარეობის ინდივიდებში. ეს ყველაფერი, თეორიულად, განაპირობებს სხვადასხვაგვარ ურთიერთქმედებას (ჰიპერ მგრძნობელობას, ჰიპერ ტოლერანტობას, ან ნებისმიერ სტატუსს ამ ორ უკიდურეს მდგომარეობას შორის) ამ ვირუსთან და საბოლოოდ სხვადასხვაგვარ კლინიკურ სურათს, მათ შორის ასიმპტომატურობას. სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს ინფორმაცია ასეთი შემთხვევების მატების, ამის მიზეზების, ან ასიმპტომატურობის ვირუსის მუტაციებთან კავშირის შესახებ“.
„მეტრონომი“: ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატება ხომ არ არის დაკავშირებული ზუსტად იმასთან, რომ მომატებულია იმ პირთა რაოდენობა, ვისაც კორონავირუსი უსიპტომოდ უვითარდებათ?
გიორგი ხარებავა: „ყველა იმ ქვეყანაში სადაც ეკონომიკური მიზეზების გამო შეასუსტეს დაწესებული შეზღუდვები და აღადგინეს ჩვეული ყოველდღიური ბიზნეს-საქმიანობები, აღინიშნა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება. მატების კავშირი ასიმპტომატურობასთან დადგენილი არ არის, რადგან მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია. პოპულარული (და არა მეცნიერულად დასაბუთებული) მათემატიკური მოდელირების მიხედვით, ასიმპტომატური ინდივიდები უნდა წარმოადგენდნენ ვირუსის გავრცელების მნიშვნელოვან ფაქტორს, ხოლო ზოგიერთი მონაცემებით კი ასეთი ინდივიდების ინფექციურობა მნიშვნელოვნად ნაკლებია სიმპტომატურებთან შედარებით. დადგენილია რომ ასიმპტომატურებსა და სიმპტომატურ ინფიცირებულებში ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა ერთნაირია, მაგრამ გაურკვეველია თუ როგორ ხდება ვირუსის გაბნევა ასეთი ინდივიდებიდან. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ასიმპტომატური ბავშვები აქტიურ ვირუსს რამდენიმე კვირის მანძილზე ატარებენ, თუმცა გაუგებარია როგორ არის საქმე ზრდასრულებში და რამდენად ინფექციურები არიან ასეთი ინდივიდები. ამ ყველაფრის შესწავლა უკიდურესად რთულია და დღეისათვის ბევრ კითხვაზე მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი არ არსებობს“.
„მეტრონომი“: როგორ წარმოგიდგენიათ იმ პირების ერთგვარი კონტროლი, ვისაც კორონავირუსი აქვთ, თუმცა, უსიმპტომოდ? როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ასეთები და როგორ უნდა განიკურნონ ისინი?
გიორგი ხარებავა: „ასიმპტომატური ინდივიდების აღმოჩენისა და კონტროლი შესაძლებელია სკრინინგული ტესტირებების საშუალებით. კონტროლის ძირითადი ფორმა ასეთ შემთხვევაში ამ ინდივიდების კარანტინში განთავსებაა გამოჯანმრთელებამდე და როგორც ვიცი, ეს უკვე ხორციელდება დღეს საქართველოში“.
„მეტრონომი“: თქვენი აზრით, რამდენად რთულია ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების, ან იმუნიზაციის მეთოდების შემუშავება. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება ახლა ვაქცინის შემუშავების პროცესზე ზოგადად მსოფლიოში? ხშირად ვრცელდება ამა თუ იმ ქვეყნიდან ინფორმაცია, რომ შემუშავებულია ანტისხეული, მაგრამ რეალური შედეგი არსაიდან ჩანს.
გიორგი ხარებავა: „სამი მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები სამკურნალო პრეპარატების შესაქმნელად. პირველი ეს არის ფარმაკოლოგიური აგენტი, რომელიც დაბლოკავს ვირუსის ფუნქციონირებას, ან ინფიცირებულ ინდივიდში დამაზიანებელი პროცესების განვითარებას; მეორე – ბიოლოგიური (ცილოვანი) პრეპარატი, რომელიც შესაძლოა იყოს მზა ანტისხეული, რომლებიც დაუკავშირდება ვირუსს და დaასტიმულირებს იმუნურ სისტემას და მესამე, ეს არის ვაქცინა, რომელიც გამოყენებული იქნება დაავადების პრევენციისათვის.
თითოეულ ამ მიმართულების დროს მიმდინარე პროცესს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი, განსხვავებული მიდგომა თავად პრეპარატის აღმოჩენის, ან შექმნის პროცესში, პრეკლინიკური და კლინიკური გამოკვლევების პროცესში და ბოლოს, მასობრივი წარმოებისათვის. ეს არის საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ მულტიდისციპლინარულ ექსპერტიზას და თუკი განხორციელდება სტანდარტულად, შესაძლოა წლები დასჭირდეს.
თუმცა ბევრი გიგანტური დასავლური და ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანიები დაჩქარებული ტემპით ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას. დღეს დაახლოებით 150-მდე ფარმაკოლოგიური პრეპარატი გადის კვლევას კორონავირუსის წინააღმდეგ არსებულ ეფექტურობაზე. ყველაზე გახმაურებულ და ეფექტურ ანტივირუსული პრეპარატად ითვლება Ramdesivir-ი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას. სულ ახლახან, გავრცელდა ინფორმაცია რომ ისეთ ფართოდ გავრცელებული პრეპარატები როგორიცაა „დექსამეტაზონი“ და „ჰიდროქსიკორტიზონი“, 20-35%-ით ამცირებენ სიკვდილიანობას კრიტიკულ პაციენტებში. ეს პრეპარატები იმუნურ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებენ და აცხრობენ ანთებას, რაც ხშირად არის შეუქცევადი დაზიანების მიზეზი კრიტიკულად მყოფ კოვიდ-ინფიცირებულებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით არის 100-ზე მეტი კომპანია, რომელიც ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. დღეისათის მხოლოდ რუსეთს (Gamaleya) და ჩინეთს (Cansino) აქვთ რეგისტრირებული კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები. ჩინეთში კიდევ რამდენიმე კომპანიაა საკმაოდ ახლოს, რომ დაასრულოს კვლევები და დაარეგისტრიროს თავიანთი შექმნილი ვაქცინა. ასევე საკმაოდ ახლოს არიან კვლევების დასრულებასთან ამერიკის შეერთებული შტატებისა (Moderna Inc, ფაზა III) და ავსტრალიური (Murdoch Children’s Research Institute, ფაზა III).
დღეს, ძნელია ითქვას როგორი იქნება ამ ვაქცინების რეალური ეფექტურობა. სავარაუდოა რომ ამ ვაქცინების ეფექტურობაც სხვადასხვაგვარი იქნება, თუმცა იმედია რომ მეტ-ნაკლებად ყველა მათგანი მოახერხებს გარკვეული იმუნიტეტის შექმნას ვირუსის წინააღმდეგ.
მიუხედავად კვლევების დასრულებისა ვაქცინის მასობრივ წარმოების აწყობას და შემდეგ მის განაწილებას ქვეყნებს შორის დასჭირდება გარკვეული პერიოდი და ეს პროცესი დიდი ალბათობით, შემდეგ წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო სწრაფი ტემპით დაიძვრება“.
„მეტრონომი“: როგორც ვიცი, თქვენი ლაბორატორია ატარებს დიდი რაოდენობის COVID 19-ის დიაგნოსტიკას. რა უპირატესობები აქვს თქვენს ლაბორატორიას სხვა ლაბორატორიებისაგან?
გიორგი ხარებავა: „ჩვენი ლაბორატორიის უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კომერციული ლაბორატორია საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშირისო დონის ცოდნა და ექსპერტიზა მოლეკულურ ტექნოლოგიებსა და დიაგნოსტიკურ ტესტებში“.
თამარ შუკვანი