“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ბრეგაძის თქმით, მათ შეამოწმეს იწერებოდა თუ არა მათი საუბარი. მისივე განცხადებით, ეს ერთგვარი ხუმრობა იყო.
“ჩვენ დაინტერესებული ვიყავით, მართლა იწერენ თუ არა ჩვენს საუბარს, ერთგვარი პრანკებიც გავაკეთეთ ამის თაობაზე, ეს პრანკები, ყველაფერი ჩაწერილი გვაქვს და იცოდეთ, რომ ამ პრანკის მახეში გაებნენ ეს ადამიანები, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და სხვათაშორის, პრანკი ეს არის გამასხარავება, მაგრამ ლუსტრაციით გამასხარავება, ამ შემთხვევაში და ჩვენ გავაკეთეთ რამოდენიმე პრანკი, თითქოსდა ვესაუბრებით მსოფლიოს ლიდერებს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერებიც მათ გაკეთებული აქვთ და როგორც კი ამ ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ, იმავე წუთში თქვენ იხილავთ ამ პრანკის ვიდეოს და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ჩვენი საუბრები იწერება, მუდმივი თვალთვალის ქვეშ ვიმყოფებით და რეალურად, ეს არის ტოტალური მოსმენა, მე მგონია, თანამგზავრიდანაც კი გვისმენენ” – განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისათვის, გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბრეგაძისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკის, იგორ მოროზოვის შესაძლო სატელეფონო ზარია ჩაწერილი. ჩანაწერით ირკვევა, რომ იგორ მოროზოვი ბრეგაძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს.