შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის სამი მოქალაქე: უზბეკეთის მოქალაქე ლ.ა, ავღანეთის მოქალაქე მ.ქ. და ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე ჩ.ტ. გამოავლინა, რომლებიც საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფმა უზბეკეთის და ავღანეთის მოქალაქეებმა ქვეყანა თავიანთი ნებით დატოვეს.
ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქეს ჩ.ტ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის დატოვებისთვის 20 დღიანი ვადა დაუწესა, თუმცა მან ეს უფლება არ გამოიყენა, რის გამოც მიგრაციის დეპარტამენტმა მისი ნიგერიის ფედერალურ რესპუბლიკაში იძულებითი გაძევების პროცედურა აღასრულა. აღნიშნულ პირს საქართველოში შემოსვლა 3 წლის ვადით აეკრძალა.