ანი მიროტაძე: “პაპუაშვილის გადაწყვეტილებები პოლიტიკური შრეებისგან თავისუფალი არ არის”
მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით სარჩელი წარმოებაში მიიღო და გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა, “მეტრონომი“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ ამ ფაქტს პოლიტიკოსები. ჩვენ “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დავუკავშირდით.
“მეტრონომი”: როგორ შეაფასებდით, საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?
ანი მიროტაძე: როგორც უნდა შეაფასოს ადამიანმა, რომელიც პატივს ცემს ქვეყნის მართმსაჯულებას. ვფიქრობ, სხვა საკითხია, რამდენად ვენდობი, არ ვენდობი, რამდენად, მომწონს, არ მომწონს, რამდენად ობიექტური ვიქნები, გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე არის, და ადრეც იყო უშუალოდ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ამხანაგი მეგობარი და ძმაკაცი, შესაბამისად გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილებები პოლიტიკური შრეებისგან თავისუფალი არ არის. ეს მისი არჩევანია, მაგრამ ჩემი არჩევანი ის არის,რომ მე პატივს ვცემ საქართველოს მართლმსაჯულებას.
“მეტრონომი”: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქიბარ ხალვაში ქვეყნიდან გაიქცა, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
ანი მიროტაძე: სად გაიქცა?
“მეტრონომი”: ირმა ნადირაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დადო, ქიბარ ხალვაშის ფოტოსთან ერთად, “რუსთავი 2 “თავისუფალია, ქიბარ ხალვაში გაიქცა“……
ანი მიროტაძე: ქიბარ ხალვაში, რამდენადაც ვიცი ცხოვრობს კარგა ხანია მიუხენში, როცა ერთ დროს ნაციონალებმა გააქციეს… და ახლა თუ მიუხენში წავიდა ადამიანი, იქ სადაც ამ დრომდე ცხოვრობს, ეს არ ნიშნავს გაქცევას, არ ვიცი ალბათ ეს უკვე ირმამ იცის. თუმცა, რა აქვს გასაქცევი არ ვიცი. თავის დროზე მათ გააქციეს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა მიუნხენში, და მიიღო როგორც პოლიტიკურმა დევნილმა
“მეტრონომი” დაუკავშირდა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჭიაბერაშვილს დაუკავშირდა.
“მეტრონომი”: საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით სარჩელი წარმოებაში მიიღო და გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის დაუყოვნებელი აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებასთნ დაკავშირებით?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ამ ეტაპზე იმ ადამიანებისა, ვინც სიტყვის თავისუფლებას იცავს და იცავს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. საშიშროება არსებობდა, რომ ურთმელიძეს უბრალოდ ხალვაშისთვის გადაეცა კომპანია და წაერთმია საშუალება “რუსთავი 2”-ისა და მისი ადვოკატებისათვის რომ დავა გაგრძელებულიყო, ზედა ინსტანციურ სასამართლოებში. საკონტიტუციომ გააუქმა ის ნორმა, რომელი ნორმის გამოყენებითაც ურთმელიძეს ამ უკანონობის ჩადენა შეეძლო. თუმცა, ურთმელიძეს ყველა ვარიანტში ექნება უკანონობის საშუალება, რომ ხალვაშს მიაკუთვნოს “რუსთავი2”
“მეტრონომი”: ირმა ნადირაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რომ “ქიბარ ხალვაში გაიქცა და რუსთავი 2 თავისუფალია” თქვენც ასე იცით? მართლა გაიქცა?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ზოგადად ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ ქიბარ ხალვაში აქ არის მეათე ხარისხოვანი. ის უბრალოდ არის დაქირავებული ბიძინა ივანიშვილის მიერ და საქციელით ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება უსპობს შანსს ოლიგარქს და მის დაქირავებულ ქიბარ ხალვაშს, რომ ძალდატანებით ჩაიგდოს ხელში “რუსთავი 2“. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის გამარჯვება.