მას შემდეგ რაც თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპილ ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის “დინამო” 2 : 1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, არ ცხრება რუსული მხარის კომენტარები და კრიტიკა ქართული კლუბის მიმართ.
რუსული კლუბის მარცხს რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ ლებედევიც გამოეხმაურა, რომელმაც რუსულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ქართულ გუნდთან მარცხს კატასტროფული უწოდა.
”უამრავი არგუმენტების მოტანა შემიძლია დაწყებული პოლიტიკური მოტივებით და დამთავრებული საშინელი ბალახის საფარით. ღმერთმა არ ქნას “ლოკომოტივი'” ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს, თამაშები ამ მინდორზე უნდა ჩაატაროს? სად იყურება UEFA? ” – აცხადებს დუმის დეპუტატი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იგორ ლებედევმა UEFA-ს ქართველი ფეხბურთელების დასჯა ანტისაოკუპაციო მაისურების ჩაცმის გამო მოთხოვა. იგორ ლებედევმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა და თან მას ინფორმაცია დაურთო, სადაც ქართული საფეხბურთო გუნდების – ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “ლოკომოტივის” და “რუსთავის” მიერ ანტისაოკუპაციო მაისურების ჩაცმის შესახებ წერია. მაისურზე იყო წარწერა – “მახსოვს, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია”.
UEFA-სგან ლებედევმა პასუხი მიიღო, სადაც აღნიშნული იყო, რომ დისციპლინარული სასჯელების დაწესებაზე მსჯელობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქცის ფარგლებში ხვდება.