“არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ,” – ეს განცხადება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირთა დასწრების საკითხთან დაკავშირებით “ფორმულასთან” გააკეთა.
როგორც მეუფემ ტელეკომპანია “ფორმულასთან” სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, სასულიერო პირებიც ნორმალური ადამიანებია და იმასთან უფრო ნორმალური დამოკიდებულება აქვთ, ვინც მათთან კარგად არიან.
“შეეგუეთ, რომ ჩვენ ყველა დროში, ჩვენი თავაზიანობის მიზნით, არსებულ ხელისუფლებასთან ნებისმიერ ღონისძებაზე, სადაც ჩავთვლით საჭიროდ, ყველა დროში ვიქნებით. ხაზს ვუსვამ, თუ ისინი არ ითაკილებენ ეკლესიასთან ნორმალურ და ცივილიზებულ ურთიერთობას.
ნუ სურთ ვიღაც მავან და მავანებს, რომ თავისებური ინტერპრეტაციებით ეს გამოიყენონ ისევ ეკლესიის წინააღმდეგ. არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და ვისთან მივიდეთ. ეს არის არსებული ხელისუფლება, რომელიც არის ღვთისგან და ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას ჩათვლით ღვთისგან.
სამწუხაროდ, არიოან ოპოზიციური პარტიები, ჯერ არ მოსულან სათავეში და უკვე რა ამბავში არიან. ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ და იმასთან უფრო კარგი და ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს, ვისთანაც ჩვენთან აქვს”, – განაცხადა “ფორმულასთან” მეუფე ანტონმა.