ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამოძიებამ ვერ დაადგინა თუ ვინ მისცა დავით ფურცხვანიძეს სატელიტური ფოტოები” – პროკურორი

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მიერ გამოკითხულმა დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისის წყარო სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის და არც პირადად იცნობს.

პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ ვერ დაადგინა თუ ვინ მისცა დავით ფურცხვანიძეს სატელიტური ფოტოები, რომელიც ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს გადასცა.

„ფაქტი დადასტურდა, რომ ამ პიროვნებამ გადასცა ეს ფოტოსურათები. მოვთხოვეთ კონკრეტული წყაროს დასახელება, თუმცა დაგვისახელა პირი, რომელიც არასდროს ჰყავს ნანახი პირადად და ამბობს, რომ სოციალური ქსელში ჰქონდა კავშირი, თუმცა სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ვერ დაგვისახელა. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, ჰქონდეს ტელეფონში, თუმცა ტელეფონიც, რატომღაც, დაუზიანდა ერთი კვირის წინ. შესაბამისად, იქაც ვერ მოიძიებს გამოძიება ამ ინფორმაციას“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

იტვირთბა....