თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის მიერ გამოკითხული დავით ფურცხვანიძის განცხადებით, ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტსა და იარაღით ვაჭრობას უკავშირდება, ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს თვითონ ვერ მიაწვდიდა, რადგან არ იცნობდა.
როგორც ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას გეგმავს, რადგან გარკვეულ ფინანსურ საქმეებზე გამოძიება ბოლომდეა მისაყვანი.
“ერთხელ არის ნახსენები, როცა დიდი ფულის გათეთრებაზე წავიდა საუბარი, მე ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა და გადაბეჭდა ექვსმა დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ, მათ შორის ამერიკულმა, არის მითითება ასეთი – იქ, სადაც არის დიდი შავი ფულის ბრუნვა, როგორც წესი, ეს ფული ამის შემდეგ საქონელდება უკანონო ბიზნესში, მათ შორის, იარაღით ვაჭრობაში. ამაზე მიება ის თემა, რომ თუ სადმე რეალიზდება უკანონო იარაღი, ეს არის სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის კონფლიქტი. ასე, რომ ხელს რა შემიშლის? ვგეგმავ ამერიკაში გამგზავრებას, ბილეთებიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. მიზანია სწორედ დიდი კორუფციული, ფინანსური, ფულის დარიცხვების შესახებ რაც არის, ამის შესახებ გამოძიება ბოლომდე არის მისაყვანი, ერთ-ერთი თემა ესეც არის. ბაჩალიაშვილი არის ერთ-ერთი შემადგენელი ეპიზოდი დიდ საქმეში“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.