შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჭიათურაში ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
აღნიშნული უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული პირი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მათივე ცნობით, დაკავებული ნარკოტიკულ ნივთიერებებს სისტემატიურად ყიდდა.
“სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს და 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.