მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ღონისძიებების გამკაცრებაზე მუდმივად საუბრობს, რიგი ქვეყნები ვორუსთან ბრძოლაში საკუთარ პოლიტიკას ატარებენ. საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, პირველი ეტაპისგან განსხვავებით, მეორე ეტაპზე ქვეყნების უმეტესობა მკაცრ შეზღუდვებზე უარს ამბობს და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
“მეტრონომი” დაუკავშირდა საფრანგეთის წამყვანი მედიასაშუალების, რადიო “France”-ის ჟურნალისტს, გიორგი ფოფხაძეს, რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. გიორგი ფოფხაძე “მეტრონომთან” საფრანგეთში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ყვება.
ფოფხაძის თქმით, საფრანგეთის მოსახლეობა, რომელიც ეპიდემიის პირველ ეტაპზე მძიმე მდგომარეობით გამოირჩეოდა, დღეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს.
“პირველი ტალღა საკმაოდ მწვავედ იყო, საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრზე გამოსვლის უფლებაც კი არ გვქონდა. აპრილიდან მოგვცეს 100 კმ-იან რადიუსში გადაადგილების უფლება და ორი ივლისიდან ყველა შეზღუდვა მოიხსნა. დღეს კი ერთადერთი ვალდებულება რაც გვაქვს, ეს ქუჩაში ნიღბების ტარებაა, მაგრამ ისიც ყველგან არა. ნიღბის ტარება სავალდებულოა მხოლოდ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტში. ასევე, მაღაზიებში საქართველოსგან განსხვავებით, თერმოსკრინინგს არ ატარებენ.
დღეს ფაქტობრივად ყველაფერი ღიაა, ეკონომიკა ამუშავდა. ყველაზე მეტი ზიანი მაინც ტურიზმის სფეროს მიადგა, თუმცა ევროპული ტურიზმი ამ ზაფხულს კარგად იყო წარმოდგენილი,” – აცხადებს ფოფხაძე.
ჟურნალისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რაც რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული.
“მეორე ტალღა ფაქტობრივად დაიწყო, მაგრამ ამას ვერავინ ვგრძნობთ. ყოველდღიური მატება, მაგალითად, ბოლო 24 საათში 9 ათას კაცზე მეტია და 30 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა რაიმე შეიცვალა თუ არა, ვერ ვხედავ. როგორც ჩვენი ჯანდაცვა ამბობს, პირველ რიგში ექიმებმა დახვეწეს მკურნალობის მეთოდები, მეორეც, ამბობენ, რომ ვირუსმა გენეტიკური მოდიფიცირება განიცადა, ანუ აღარაა ისეთი მკვლელი, როგორიც პირველ ეტაპზე იყო და გართულებების გარეშე მიდის. მესამე ის, რომ დაავადებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა. პირველ ეტაპზე თუ ინფიცირდებოდნენ 50 წლიდან ზემოთ, ახლა ეს სურათი შეიცვალა,” – აღნიშნავს ფოფხაძე “მეტრონომთან.”
რაც შეეხება სწავლის პროცესს, ფოფხაძის განმარტებით, ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა სასწავლო დაწესებულებში ვლინდება,
“საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენთან თუ ერთი კაცი დაავადდა, ამის გამო მთელი სკოლა გაჩერდეს, ასეთი რამე არ არსებობს. ყურადღება ექცევა ერთ კაცს, ვინც თავად ინფიცირებულია. საქართველოში კი თუ ვიღაცა ინფიცირებულს შეხვდები, უნდა გადახვიდე თვითიზოლაციაში. საფრანგეთში კი აქ კონტაქტების გამოკვლევა არ არსებობს. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას. სკოლებშიც დადიან, არაა პრობლემა. ერთადერთი ვალდებულება შემოიღეს, რომ სკოლდან 50 მეტრში თუ მიხვალ, იქ უკვე ნიღაბი უნდა გაიკეთო. თავად მოსწავლეებს ნიღბების ტარება არ უწევთ.
სწავლა ჩვეულებრივ გრძელდება, არც კლასები არ დაუხარავთ. დისტანციური სწავლა აქ არ არსებობს. დისტანციურად სწავლა მხოლოდ პირველ ეტაპზე იყო, რაც მეორე ეტაპზე არ ხდება. ჩვეულებრივად ვცხოვრობთ. თუნდაც, ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ, “წითელ ზონადაა” გამოცხადებული. რატომ ჰქვია “წითელი ზონა”, ვერ გავიგე,” – განმარტავს ჟურნალისტი.
ამასთან, ფოფხაძის თქმით, საფრანგეთში განსხვავებულია მკურნალობის პრაქტიკაც, კერძოდ, ვირუსის გავრცელების დღიდან პაციენტებს სახლში მკურნალობენ.
“არ გვაქვს შეზღუდვები. მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ კორონავირუსთან ცხოვრებას მივეჩვიეთ, რამდენიმე თვე მოგვიწევს ასეო. ჩვენი პრემიერი ამ საკითხზე სასაუბროდ სულ ორჯერ გამოვიდა. დღეს საინტერესო გამოკითხვა დაიდო, მოსახლეობის 32 პროცენტი თვლის, რომ პირველ ეტაპზე მთავრობა მოუმზადებლი შეხვდა ვირუსს. მეორე ეტაპზე ლაპარაკიც არ არის. არაჩვეულებრივად ვცხოვრობთ. მე რადიო “ფრანცეში” ვმუშაობ. ამაზე დიდი რადიოსადგური არ არსებობს და დღეში 15 ნიუსამდე გადის კორონავირუსის ამბები.
პირველ ეტაპზე გაცილებით დაბალი იყო ინფიცირებულთა მაჩვენებელი და სიკვიდიალინობა იყო მაღალი. დღეში 1500 კაცის სიკვდილიანობა გვქონდა. დღეს ეს რიცხვი საშუალოდ 30 კაცია. 65 მილიონიანი საფრანგეთისთვის ამ წუთისთვის საავადმყოფოში 2 000 კაცამდეა მოთავსებული. პაციენტები მკურნალობას სახლში გადიან. აქ თავიდანვე სახლში მკურნალობის პრაქტიკა იყო. საავადმყოფოში მხოლოდ მაშინ მიჰყავდათ, თუ რაიმე დაავადება აქვთ,” – აცხადებს გიორგი ფოფხაძე.
გარდა ამისა, საფრანგეთს არ დაუწესებია შეზრუდვები საზღვრის კვეთის დროსაც. ფოფხაძის ინფორმაციით, ქვეყანაში შემსვლელი ვალდებულია, მხოლოდ PCR ტესტი წარადგინოს, ან ადგილზე აიღოს ანალიზი. სხვა მხრივ, საფრანგეთში ჩასულ მოქალაქეებს კარანტინში გადასვლა და 12 დღის გატარება არ უწევთ.
თათია შაიშმელაშვილი