კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოვიდ-ინფიცირებულმა ამომრჩევლებმა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაძლოა ვერ შეძლონ. ამის შესახებ “მეტრონომთან” ინფექციონისტი საუბრობს. ცენტრალური საარჩევნი კომისიაში კი ამბობენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როგორ მიიღებენ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები არჩევნებში მონაწილეობას.
საუბარია ათასობით ამომრჩეველზე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება შესაძლოა ჩამოერთვას. ამ დროისთვის ქვეყანაში 1181 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტია. ამას დამატებული კარანტინის რეჟიმში 6633 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის თავიდან აცილების გამო, დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. თანაც, 31 ოქტომბერს როგორი ეპიდვითარება იქნება ქვეყანაში, უცნობია.
“ცესკოს” ცნობით, კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის და ეს საკითხი დამუშავების პროცესშია.
“პროცედურები კოვიდ-ინფიცირებულებთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. საბოლოო გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული, აუცილებლად დაიდება ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ჯერჯერობით კონკრეტული ვარიანტი არ არის ამ დროისთვის” – გვითხრეს “ცესკოში.”
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “მეტრონომთან” აცხადებს, რომ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი ლოგიკურია, რომ საარჩევნო უბანზე ვერ მივა, თუმცა, თავად იმ შესაძლებლობასაც გამორიცხავს, რომ საარჩევნო ყუთით ინფიცირებულ ამომრჩეველთან მივიდნენ, რადგან, მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების რისკს ზრდის.
“გადადების რისკი მაღალია. ერთადერთი შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ონლაინ, თუმცა, ეს საქართველოში არ არის დანერგილი და არ მგონია, ამ არჩევნებისთვის მოესწროს. სხვა ფორმით მონაწილეობის მიღება რისკებს ზრდის. ვერ მივა ადამიანი საარჩევნო უბანზე, რადგან ის უნდა იყოს თვითიზოლაციაში.
რაც შეეხება მასთან საარჩევნო ყუთის მიტანას, ესეც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ვინც მიიტანს ამ ყუთს სპეციალური ეკიპირებით უნდა იყოს წარმოდგენილი, თანაც, მხოლოდ იმ ერთ ადგილას უნდა მივიდნენ და სხვაგან აღარ წავიდნენ, რაც ასევე ადამიანების დიდი რაოდენობით მობილიზებას გულისხმობს და არ მგონია, ამის რესურსი არსებობდეს.
ეს დაავადებათა კონტროლის პრეროგატივაა. შეიძლება მათ რაიმე რეგულაცია ჰქონდეთ, თუმცა, ძნელად წარმოსადგენია კოვიდ-ინფიცირებულთა არჩევნებში მონაწილეობა” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ “მეტრონომთან.”
რამდენად ლეგიტიმიურია ის, რომ ამომრჩეველმა შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს, რამდენად გამართლებულია ადამიანს რეგულაციების გამო წაერთვას ხმის მიცემის უფლება? ამასთან დაკავშირებით “მეტრონომი” უფლებადამცველს, ლია მუხაშავრიას დაუკაშირიდა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ამომრჩევლის უფლება არ ირღვევა, რადგან, სასწორის მეორე პინაზე საზოგადოების უსაფრთხოება დევს. როგორც ლია მუხაშავრიამ აღნიშნა, კოვიდ-ინფიცირებულმა შესაძლოა გამოჯანმრთელების შემდეგ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
“უნდა განვიხილოთ ეს კონკრეტული შემთხვევა, რამდენად ლეგიტიმურია, კანონით აკრძალვა ასეთ შემთხვევებზე. თუ გამწვავდა ეპიდვითარება არჩევნების დღისთვის, ასეთ დროს “ცესკომ” უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ბალანსის პრინციპი მოქმედებს: სასწორის ერთ პინაზე არის ადამიანის ინდივიდუალური უფლება, განახორციელოს თავისი საარჩევნო უფლება და მისცეს ხმა, მეორე მხარეს არის საზოგადოების ინტერესები და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. რადგან ინფექცია ასეთი ფართო გავრცელებისაა, ასეთ კონკრეტული პირებისთვის, ვინც დაავადების გამო ვერ შეძლეს საარჩევნო უფლების განხორციელება, შესაძლოა გამოჯანმრთელების შემდეგ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
გადასაადგილებელი ყუთით მისვლა ასეთ პირთან არ იქნება გამართლებული, მაგრამ შეიძლება რამდენიმე დღით გადავადდეს ასეთი ადამიანებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და მგონი ასეთი შესაძლებლობა არის ევროპაში” – განაცხადა ლია მუხაშავრიამ “მეტრონომთან.”
ცნობისათვის, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
თამარ შუკვანი