ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების მიუხედავად არჩევნების გადადების საჭიროებას ვერ ხედავს. ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა “მეტრონომთან” ისაუბრა.
ხუხაშვილის მოსაზრებით, არჩევნების დღეს სრულიად შესაძლებელია, დაცული იყოს ის რეგულაციები, რისი შესრულებაც მოქალაქეებს ყოველდღიურობაში უწევთ.
“არჩევნების გადადებაში ლოგიკას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ თუ საარჩევნო დღის რისკებზე ვლაპარაკობთ, ამ დღის რეგულაცია შესაძლოა, ხალხი ხომ დადის მაღაზიაში?! ასევე მივა არჩევნებზე სოციალური დისტანციის დაცვით, დადგებიან რიგში, შევლენ, მისცემენ ხმას და გამოვლენ. რა პრობლემაა, ვერ გავიგე.
სხვა რა რისკებია, ის რომ მაინცდამაინც ასიათასკაციანი მიტინგებს ვერ აწყობენ? პარტიებს დიდი მიტინგების გამართვა არ უნდა სჭირდებოდეთ. ასე, რომ უსაფუძველა, რომ არჩევნები გადაიდოს ან საფრთხე შეექმნას, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ,”-აცხადებს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდემიულოგიური ვითარება გაუარესდა. უკვე დაწესდა გარკვეული შეზღუდვებიც. სასწავლო პროცესის განახლება ისევ გადაიდო. ასევე, გახანგრძლივდა დაწესებული შეზღუდვები რეგულარულ ფრენებზეც. საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ არჩევნებიც გადაიდება. თუმცა, ამ ეტაპზე მთავრობაში არჩევნების გადადების აუცილებლობას არ განიხილავემ.
თათია შაიშმელაშვილი