ესპანეთში მცხოვრები ქართველი თათია მაყიშვილი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, პირად გამოცდილებაზე გვიყვება და გვაცნობს, როგორი მიდგომაა აქვს ქვეყანას ვირუსის მართვისას.
როგორც მან „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, კატალონიაში, საზღვაო კურორტ სალოუში იყო დასასვენებლად, როცა ჯერ თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო, რასაც გულისრევა და უენერგიობა დაერთო.
„ლაპარაკიც კი მიჭირდა, თავის ტკივილიც აუტანელი იყო, სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა, გამაყუჩებელი და დამამშვიდებელი გამიკეთეს, რადგან ტკივილს ვერ ვუძლებდი, შემდეგ კი გამომიშვეს სახლში“.
ბარსელონა:
ბარსელონაში დაბრუნების შედეგ, ძალა არ მქონდა , სიცხე გავიზომე და 37,2 გრადუსი აჩვენა, ამიტომ მე და დედამ გადავწყვიტეთ, მივსულიყავი საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა, კლინიკაში რომ მივედი, იქ გარეთ დამსვეს, რათა სხვებთან არ მქონოდა კონტაქტი. გამოვიდა ექთანი, გამიზომა სიცხე და აღმოჩნდა, რომ უკვე 37.6 გრადუსი მქონდა.
ტესტი, პარასკევი:
შემიყვანეს ოთახში, სადაც სრულიად ეკიპირებული იყო პერსონალი. ამიღეს ნაცხი – ეს იყო ტესტი, მითხრეს, რომ პასუხი ორშაბათს იქნებოდა. შემდეგ, მთხოვეს ექიმისთვის დამეცადა. 2 საათის განმავლობაში ვუცდიდი, გამსინჯა, მითხრა ტესტი უკვე აგიღეს და დაელოდეთ პასუხსო. არანარ წამალს მიწერდა, კორონავირუსი თუ გაქვს, არ გიშველის ანტიბიოტიკიო, თუმცა, რადგან მახველებდა, ვთხოვე რამე გამოეწერა, გამომიწერა პარაცეტამოლი, იბუპროფენი და ანტიბიოტიკი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამავფრთხილა, რომ თუ Covid-19 დამიდასტურდებოდა, ანტიბიოტიკი ვერ მიშველიდა.
შაბათი:
ამ წამლების მიღებიდან ორ დღეში ძალიან კარგად გავხდი. ნაცხი პარასკევს ამიღეს და პასუხი ორშაბათს უნდა მიმეღო. შაბათს დამირეკეს და მკითხეს ვისთან მქონდა კონტაქტი, ვუთხარი, რომ ბევრ ადგილას ვიყავი და ყველას ვერაფრით ჩამოვუთვლიდი, ამიტომ მხოლოდ ოჯახის წევრები ჩაიწერეს, ჩვენთან სტუმრად იყო დედა და მისი მონაცემებიც მივეცი.
ორშაბათი:
ორშაბათს არავის დაურეკავს. ვიფიქრე არ მქონდა ვირუსი, რადგან კარგადაც გავხდი.
ოთხშაბათი:
დაურეკეს დედაჩემს და უთხრეს, თქვენ გქონდათ კოვიდინფიცირებულთან შეხება და და სახლში უნდა დარჩეთო. ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. ჰკითხა ვინ იყო ინფიცირებული, ვისთანაც შეხება ჰქონდა, მხოლოდ შემდეგ უთხრეს, რომ მის შვილს დაუდასტურდა ვირუსი, თუმცა მე არავინ დამირეკა.
შემდეგ ვიფიქრე, ელექტრონულ ბაზაში დავრეგისტრირებულიყავი, ესპანეთში არსებობს ბაზა, რომელშიც რეგისტრირდები და ჩანს ყველა ანალიზის პასუხი, რაც გაგიკეთებია, ოდესმე. იქ უკვე ჩანდა ჩემი პოზიტიური პასუხი Covid-19 ზე.
კოვიდინფიცირებული:
არც ამის შემდეგ შემხმიანებია ვინმე, არც მე და არც ოჯახის სხვა წევრს, გარდა დედაჩემისა. ჩემთვის იზოლაციაც კი არ უთხოვიათ, უკვე კარგადაც ვიყავი, სიმპტომებიც მომეხსნა, ვფიქრობ ვფიქრობ იმდენი შემთხვევაა, უკვე ვეღარ მართავენ. საბედნიეროდ, მე დასაწყისში გამოვლენილი სიმპტომების გარდა, აღარაფერს შევუწუხებივარ.
ინფორმაციისთვის, ესპანეთში კოვიდვირუსმა 576 679 ადამიანი დააინფიცირა.
ესაუბრა თამთა ქარქაშაძე