კონსტიტუციონალისტი: “სამინისტროს ქმედება თანამიმდევრული და კონსტიტუციასთან თანმხვედრია”
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. შესაბამისი განცხადება საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
“შემოვიდა ოფიციალური ნოტა უკრაინულ ენაზე, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი მიღებულია უკრაინის მოქალაქედ და ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია. მოცემული ნოტის საფუძველზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით, დღეს ჩვენ ვიწყებთ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმეს. აღნიშნულის შესახებ, წერილობით ეცნობება ოდესაში დაინტერესებულ პირს თავად, რომელსაც მიეცა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.
„მეტრონომი“ ესაუბრა კონსტიტუციონალისტ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორ კარლო გოდოლაძეს.
„კონსტიტუციურ დონეზე საკმაოდ მკაფიო რეგულაციაა კონსტიტუციის მე-12 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობა გამორიცხულია, გარდა პრეზიდენტის დისკრეციული უფლებისა, მიანიჭოს მოქალაქეობა იმ ადამიანებს, რომელთაც დიდი დამსახურება აქვთ სახელმწიფოს წინაშე, ან მათთვის მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით.“ – აცხადებს გოდოლაძე „მეტრონომთან“ საუბარში.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს ქმედება თანამიმდევრულია და კონსტიტუციასთან თანმხვედრია.
მარიამ ვარადაშვილი
იტვირთბა....