თვითმარქვია სასულიერო პირი, რომელიც არასრულწლოვანს სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს.
კაცმა არასრულწლოვანი ჯერ დაარწმუნა, რომ მოჯადოებული იყო, შემდეგ კი უთხრა, რომ შესალოცად მისი შიშველი ფოტოები სჭირდებოდა. მოზარდმა მას რამდენიმე ფოტო გაუგზავნა, რის შემდეგაც თვითმარქვია მოძღვარმა მას ახალი ფოტოები მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრა, რომ მანამდე გაგზავნილ ფოტოებს გაუსაჯაროვებდა.
როგორც ცნობილია, მოქალაქე ლევან ჯალაღონია საზოგადოებას მამა იოანეს სახელით ეცნობოდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, თვითმარქვია სასულიერო პირის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი არასრულწლოვნის მშობლებმა შეიტანეს.
“ოჯახს მის წინააღმდეგ საჩივარი ჰქონდათ შეტანილი. ის არასოდეს ყოფილა მღვდლად ან დიაკვნად ხელდასმული. ბერად იყო აღკვეცილი და ეპარქიაში გარკვეული კანონიკური დარღვევების გამო აკრძალული ჰქონდა ზიარებას კი. უკანონოდ ასრულებდა მღვდელმსახურებას და შეცდომაში შეჰყავდა ხალხი” – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.