„რუსთავი2-ის“ ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ტელეკომპანიის თანამშრომლებს PCR ტესტი ჩაუტარდათ. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის მიხედვით, თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაშია, ხოლო მათ, ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, ტესტის პასუხების გაგებამდე სპეციალურ ადგილას გადაიყვანენ. ტესტირების პასუხები ცნობილი 24 საათში იქნება.
როგორც ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იმნაიშვილმა განცხადა, “რუსთავი 2”-ში იკვლევენ ჟურნალისტის კონტაქტებს. მისი თქმით, ტელევიზიას ჰქონდა შეძენილი სწრაფი ტესტები პრევენციის მიზნით. იმნაიშვილის განცხადებით, ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდება ტესტირება, რომელებიც ამჟამად ტელევიზიასი იმყოფებიან. ამის შესახებ “რუსთავი 2” წერს.
“ჩვენ, ასევე ვადგენთ კონტაქტებს და იმის შესაბამისად, თუ რა სურათს მივიღებთ უახლოეს რამდენიმე წუთში, გადავწყვეტთ თანამშრომელთა რა ნაწილი დარჩება ოფისში, ნიუსრუმში, რა ნაწილს მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა და ტესტირების გაკეთება. დღეს, 22:00 საათზე დაგეგმილი გვქონდა „ღამის კურიერი“ , ჩვენი სტუმარი არჩილ თალაკვაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო ამ გადაცემას დღეს ეთერიდან ვხსნით.
თუმცა, როგორც კი გადავალთ საგანგებო მუშაობის რეჟიმზე შექმნილი მდგომარეობიდან, პოლიტიკური სეგმენტი კვლავ აუცილებლად დაუბრუნდება თავის ადგილს ჩვენს ბადეში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არასასურველი ვითარება ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. ვხედავდით იმ რისკს, რადგან მეორე ტალღის დაწყებასთან ერთად რისკის ერთ-ერთი ჯგუფი სწორედ ჟურნალისტები არიან, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას აშუქებენ. შესაბამისად, რისკებს ვაფასებთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს“ – განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.