იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ოქტომბრის დასაწყისამდე უნდა გადადგნენ.
ამასთანავე უნდა გადადგეს, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე და სხვა საჯარო პირები, რომლებიც ქვემოთ მოყვანილს სიაში შედიან.
კოდექსის 115–ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. 112–ე მუხლში კი ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები; მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე.
ამასთანავე, თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.საარჩევნო სია ასეთია:
გიორგი გახარია – პრემიერმინისტრი;
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე;
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი;
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი;
მამუკა მდინარაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
კახა კუჭავა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
გიორგი კახიანი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
მარიამ ქვრივიშვილი- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
მიხეილ სარჯველაძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
მაია ბითაძე – თბილისის მერის მოადგილე;
მიხეილ დაუშვილი – ბიზნესომბუდსმენი;
გიორგი ამილახვარი – სამართლის დოქტორი;
ვიქტორ სანიკიძე – ვეტერანი კალათბურთელი;
მაკა ბოჭორიშვილი – დიპლომატი;
შალვა პაპუაშვილი – ხელმძღვანელობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის საქართველოს ჯგუფს;
დავით კაჭარავა – მორაგბე;
ნიკოლოზ სამხარაძე – პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის თანამშრომელი;
გიორგი ხელაშვილი – პარლამენტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი;
მარიამ ლაშხი – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
ბექა დავითულიანი – თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
თამთა ქარქაშაძე