კანონი, რომელიც პირველ რიგში მესაკუთრეთა უფლებებს დააზარალებს
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს ე.წ.“საპოლიციო გამოსახლებასთან“ დაკავშირებით. თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს პოლიციას ეს უფლება ჩამოერთმევა.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის არსებული კანონმდებლობით, იპოთეკური თუ სხვა გარიგების დარღვევის დროს, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, გამოსახლების პრეროგატივა პოლიციას ეკუთვნის. თუმცა კანონის დამტკიცების შემთხვევაში, გამოსახლება სააღსრულებლო ბიუროს ხელში გადავა.
ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაიამ”. „მეტრონომი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენი აზრით, პროექტი დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას – ეფექტურად დაიცვან საკუთარება უკანონო ხელყფისგან და ხელშეშლისგან; შემოთავაზებული ცვლილებებით კნინდება უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის როლი და რეესტრის სისწორის პრეზუმფცია, რადგან მიუხედავად საკუთრების რეგისტრირებული უფლებისა, ყოველ სადავო შემთხვევაში, მესაკუთრე იძულებული გახდება თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ეს კი დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დროსთან. ცვლილებები ნეგატიურად აისახება უძრავი ქონების ბაზარზეც, გააძვირებს იპოთეკურ სესხს და გაართულებს მათზე ხელმისაწვდომობას.
ინიცირებული ცვლილებების პაკეტი სირთულეების წინაშე აყენებს არა მარტო ბიზნესს, არამედ უძრავი ქონების მესაკუთრე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც თავის საკუთრებას ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებს. საერთო ჯამში კი ეს ყველაფერი ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ქვეყნის რეიტინგზე საკუთრების უფლების დაცულობის მხრივ; სწორედ იმ საკუთრების უფლებისა, რომლის გარანტიც სახელმწიფოა და საქართველოს კონსტიტუციის 21 -ე მუხლიდან გამომდინარე, ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ეფექტურ დაცვას, რაც თავის თავში ბუნებრივად მოიცავს საკუთრების უფლების განხორციელებისთვის ხელშეშლის აღკვეთის ეფექტური მექანიზმების არსებობასაც.“ – ნათქვამია განცხადებაში.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ დავინტერესდით დაუჭერდა თუ არა მხარს პარტია აღნიშნულ კანონპროექტს. როგორც გვითხრეს ამ საკითხზე ჯერ კიდევ კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას პარტია უახლოეს მომავალში მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგაც კი, მის შესახებ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენ დავუკავშირდით, არავინ არაფერი იცოდა.
ასე თუ ისე, ერთი ფაქტია, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეთა უფლებები გაძლიერებაზე საუბარი გაჭირდება და ეს მაშინ, როცა “ქართული ოცნების” და მისი ლიდერების პირველი დაპირება კერძო საკუთრების დაცვა და გაძლიერება იყო.