ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცაგერის 2 სოფელში სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება.

“პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, ორბელში, ლაჯანაში, შპატაგორსა და ლეშკედაში მოქალაქეების შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.

იტვირთბა....