„ვითხოვთ, არ შეიცვალოს დადგენილი თარიღები და ყველა რეგულაციის გათვალისწინებით, მოგვეცეს მუშაობის საშუალება, პირველი ოქტომბრიდან“, – ამის შესახებ განცხადებას „სამეფო უბნის თეატრი“ მას შემდეგ ავრცელებს, რაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, პირველ ნოემბრამდე გადაიდო.
მათივე განცხადებით, როგორც წინა, ისევე ეს თარიღიც პირობითია და შესაძლოა, კიდევ მრავალჯერ გადაიდოს თეატრების გახსნა.
„ძვირფასო მეგობრებო, დღეს, 9 სექტემბერს გადაწყდა, რომ თეატრები და კინოთეატრები პირველი ოქტომბრის ნაცვლად, პირველ ნოემბერს გაიხსნება.
ჩვენ ვიცით, რომ როგორც წინა, ისევე ეს თარიღიც პირობითია და შესაძლოა, კიდევ მრავალჯერ გადაიდოს თეატრების გახსნა. ასევე, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, ძალიან მალე, შეუძლებელი გახდება ღია ცის ქვეშ წარმოდგენების გამართვა.
ამიტომ, ვითხოვთ, არ შეიცვალოს დადგენილი თარიღები და ყველა რეგულაციის გათვალისწინებით მოგვეცეს მუშაობის საშუალება პირველი ოქტომბრიდან.
ყველა თეატრი საქართველოში იაზრებს, რომ მაყურებლისა და თეატრის პერსონალის უსაფრთხოება იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, განსაკუთრებით კი დღეს შექმნილ ვითარებაში, ამიტომ მომავალი სეზონი მთლიანად დადგენილი რეგულაციების დაცვით დავგეგმეთ. მოვითხოვთ, სხვა მრავალი დაწასებულების, სფეროს, თუ სექტორის მსგავსად, ჩვენც მოგვეცეს მუშაობის გაგრძელების უფლება.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით ლოგიკასმოკლებული სიმკაცრის რეგულაციების შემუშავებას სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა დაწესებულებები შედარებით თავისუფლად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
მოვითხოვთ, სახელოვნებო ორგანიზაციებთან დიალოგისა და ეფექტური კომუნიკაციის ფარგლებში განიხილოს შექმნილი ვითარება, მოინახოს ამ ვითარებიდან გამოსავალი და დაუყოვნებლივ გადაიხედოს დღევანდელი დადგენილება, რათა 1 ოქტომბრიდან მოგვეცეს მაყურებელთან შეხვედრისა და ჩვენი საქმიანობის აღდგენის უფლება.
სამეფო უბნის თეატრი
#იქდრამაა
#ქვეყანაკულტურისგარეშე“. – ვკითხულობთ განცხადებაში.