ლაშა ბერულავა: „ჯღარკავამ ამ მიმოწერის შესახებ 1 წლის წინათ იცოდა“
25 ოქტომბერს, რუსთავი 2-ზე „განსხვავებულ აქცენტებში“ ნაჩვენებმა ფეისბუქ-მიმოწერამ საგამოძიებო ორგანოებიც დააინტერესა. ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა დაიბარეს, რადგან ცნობილია, რომ „განსხვავებული აქცენტების“ ავტორს, ეკა კვესიტაძეს სწორედ ლაშა ბერულავამ მიაწოდა სკანდალური მიმოწერა ნინო ჯღარკავასა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არ არის. პროკურატურაში გამოკითხვის დეტალების გასაგებად „მეტრონომი“ ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაუკავშირდა:
ლაშა ბერულავა: „პროკურატურაში ჩემი მისვლა „განსხვავებულ აქცენტებში“ გასულ სიუჟეტს უკავშირდებოდა, სადაც ბედუკაძესა და ნინო ჯღარკავას შორის ფეისბუქზე მიმოწერასთან დაკავშირებით, ჩემთან ინტერვიუ ჩაწერეს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ნინო ჯღარკავას განცხადების საფუძველზე დაიწყო საქმის განხილვა.
მეტრონომი: ზუსტად არ არის ცნობილი, რომ განცხადება ნინო ჯღარკავამ შეიტანა?
ლ. ბ: არა, გამომძიებელმა მითხრა, რომ განცხადება ნინო ჯღარკავამ დაწერა. ოღონდ პირველად რომ დამიკავშირდა, თქვა, „განსხვავებულ აქცენტებში“ გასულ მასალასთან დაკავშირებით აპირებდა ჩემს გამოკითხვას. როგორც გამომძიებელმა განმიმარტა, საკითხის დაჩქარებული წესით შესწავლა მიმდინარეობს. არ ვიცი, არის თუ არა საქმე აღძრული ამასთან დაკავშირებით. შესაძლოა, სწავლობენ, სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად საფუძველი არსებობს თუ არა. ეს ჩემი ვარაუდია. როცა ვიკითხე, ვიყავი თუ არა მოწმის სახით დაბარებული, მათ მითხრეს, ეს დაკითხვა კი არა, გამოკითხვა იყო, ამიტომ ადვოკატი არ დამჭირდებოდა. შესაბამისად, ადვოკატის გარეშე მივედი. თუმცა ოქმი ჩვეულებრივად შედგა, როგორც დაკითხვის დროს. ჩვეულებრივი პროცედურა იყო და არაფრით არ განსხვავდებოდა დაკითხვისგან. გამოკითხვა შეიძლება იმიტომ ერქვა, რომ შემდგომში შეიძლება სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად დასჭირდეთ.
– ინფორმაციის მომწოდებელი წყაროს შესახებ გკითხეს?
– დაკითხვა მთელი 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თავიდანვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დამოკიდებულება /გამომძიებლის მხრიდან/ ძალიან კარგი და თავაზიანი იყო – არანაირი ზედმეტი სიტყვა, ან ზედმეტი ჟესტი. ყველაფერი ცივილურად მიმდინარეობდა, ოღონდ ჩემგან, დაჟინებით (შემიძლია ეს სიტყვა ვიხმარო) მოითხოვდნენ კონფიდენციალური წყაროს, ანუ იმ პირის დასახელებას, ვინც ეს მიმოწერა გამომიგზავნა. ამას იმით ხსნიდნენ, რომ გამოძიებას დავეხმარებოდი. ოღონდ, მითხრეს, რომ ეს ჩემს კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული და ჩემგან ამ ინფორმაციის მიღების სხვა არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ ჰქონდათ – მე თუ არ მსურდა, არ ვიტყოდი. ვუპასუხე, რომ ოც წელზე მეტია ჟურნალისტიკაში ვარ და ჩემი იმიჯი არასოდეს დამიყენებია საფრთხის ქვეშ იმით, რომ წყაროს კონფიდენციალობა არ დამეცვა. თუმცა მე USB-ბარათით სახლიდან ჩემი მიმოწერის ორი, შარშანდელი სქრინი გავიყოლე, რომლებზეც ამ ადამიანთან მიმოწერის დასაწყისი ჩანს. რა თქმა უნდა, ფოტოშოპის მეშვეობით სახელი და გვარი დავფარე, მხოლოდ ის ნაწილი დავტოვე, სადაც თარიღი ჩანს – 2014 წლის ოქტომბერი. ეს ჩემი მხრიდან, ფაქტობრივად, კეთილი ნების გამოვლენა იყო, იმიტომ რომ სისხლის სამართლის 50-ე მუხლის თანახმად, ვალდებული არ ვარ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გავცე. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს გამოძიებამ ვერ გაარკვიოს ეს მიმოწერა ავთენტურია თუ არა.
– შესაბამისად, წინააღმდეგი არ ხართ, ამ მიმოწერას ექსპერტიზა ჩაუტარდეს, ავთენტურობის დასადგენად.
– რა თქმა უნდა. არანაირად არ ვარ დაინტერესებული ნინო ჯღარკავას შავი პიარით. ჩემი აზრით, ნინო ჯღარკავას როლი იმ მიმოწერაში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც თვითონ ის ამბავი, რაც ამ სქრინების მომწოდებლისგან შევიტყვე. ეს, მისი /წყაროს/ თქმით, ეროსი კიწმარიშვილს უკავშირდება. ამიტომ ვინახავდი ამდენ ხანს ამ სქრინებს და მთელი ერთი წლის განმავლობაში არ გამომიქვეყნებია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი მასთან კონტაქტზე გასვლას. მინდოდა პირადად შევხვედროდი და ჩემთვის ეს სქრინები გადმოეცა.
– თქვენ რა გარანტია გაქვთ, რომ სქრინები ავთენტურია?
– მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილია და ამაზე კატეგორიული აზრი არც გამომითქვამს. პირიქით, მე ვამბობ, რომ ამ მიმოწერის ავთენტურობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც შეეხება იმას, თუ დარწმუნებული არ ვიყავი, რატომ გამოვაქვეყნე, პასუხი ამაზეც მაქვს; მიმოწერა, მისი სკანდალურობის მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში არ გამომიქვეყნებია და მხოლოდ მას მერე გავასაჯაროვე, რაც ძალიან ბევრი ახალი კითხვა გაჩნდა და ციხის კადრების თემამ ხელახლა წამოიწია. თუნდაც ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრების, კერძოდ, ძმის განცხადება, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერი მისი გარდაცვალებიდან თუ მოკვლიდან მეორე დღესვე წაიღო პროკურატურამ. ეს ამბავი მარტო „განსხვავებულ აქცენტებში“ კი არა, მანამდეც ცნობილი იყო ონლაინ-მედიაში. ამის მერე, ხელახლა წამოტივტივდა არქივში შენახული ეს მიმოწერა და აქტუალობა შეიძინა იმ ამბავმა, რაც იმ ქალბატონმა მიამბო. თუმცა მე მიმდინარე ამბებზე მომუშავე ჟურნალისტი ვარ, ამას კი მაინც საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფერო სჭირდებოდა. ამიტომ დავუკავშირდი ეკა კვესიტაძეს, რომელიც დაინტერესდა, ჩამწერა და მიმოწერა გადაცემაში გაუშვა.
– წყაროს დასახელების გარდა, გამოძიებას სხვა კითხვა არ ჰქონია?
– დაინტერესდნენ, თვითონ თუ ვცადე, გამერკვია ამ მიმოწერის ნამდვილობა. ძირითადად ამას მეკითხებოდნენ, რამდენად ვიყავი დაინტერესებული, ამ სქრინების ავთენტურობა დამედგინა და კიდევ წყაროს დადგენა უნდოდათ, ძირითადად ეს იყო.
– თქვენ თვითონ სცადეთ მიმოწერის ნამდვილობის დადგენა?
– მე ფეისბუქის საკმაოდ დიდი ხნის მომხმარებელი ვარ და, მართალია, ჩემით, ფეისბუქის მომხმარებლის კუთხით, მაგრამ მაინც ჩავატარე პატარა საგამოძიებო ქმედებები. ოღონდ, რა დასკვნა გამოვიტანე, ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
– რადგან ეკას დაუკავშირდით, ესე იგი დასკვნას შესაბამისი უნდა ყოფილიყო.
– სხვათა შორის, ისეთ მეგობარსაც ვაჩვენე, რომლებიც სერიოზულად ერკვევიან ტექნიკურ მხარეში. შემიძლია ვთქვა, რომ აზრები 50/50-ზეა მიმოწერის ნამდვილობის მხრივ.
– ანუ სულ ეს იყო გამომძიებელთან თქვენი საუბრის თემა?
– არ უთქვამთ, შეიძლება თუ არა ხელახლა დამიბარონ უკვე მოწმის სახით. ჩემი ინტერესი იმან გამოიწვია, რომ დაჩქარებული წესით განიხილავენ ამ საკითხს.
– თქვენი აზრით, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს დაჩქარებული შესწავლა?
– თავიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს დაჩქარებული წესით შესწავლა შესაძლოა რაღაცით “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს უკავშირდებოდეს. შესაძლოა იმის გამოყენებას აპირებენ, რომ „განსხვავებულმა აქცენტებმა“ ყალბი მიმოწერა გაავრცელა. მე როგორც ვიცი, ჯღარკავა სამოქალაქო სარჩელის აღძვრას და 100 ათასის მოთხოვნას აპირებს. /„რუსთავი 2“-ის წილების/ დაყადაღების მერე ტელეკომპანიისგან 100 ათასის მოთხოვნა ფინანსური ზეწოლის კიდევ ერთი ცდა იქნება. თუმცა ეს ჩემი ვარაუდია.
– თქვენი აზრით, რატომ დაგიკავშირდათ ეს ადამიანი მაინცდამაინც თქვენ?
– როგორც თვითონ ამიხსნა, იმიტომ, რომ ინტერნეტში ერთ-ერთი აქტიური ჟურნალისტი ვარ, რომელიც საკუთარ პოზიციას არ მალავს და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე შენთვის გამომეგზავნაო. თუმცა, მე თავიდანვე საკმაო სიფრთხილით მოვეკიდე ამ სკანდალურ მასალას – წლების განმავლობაში გამომიმუშავდა ეს ჩვევა, რომ დიდი სიფრთხილით მივუდგე, როცა მეუბნებიან, რომ მარტო მე მაქვს მასალა, რომელსაც შეუძლია საყოველთაო სკანდალი გამოიწვიოს. შესაბამისად, თავიდანვე ვივარაუდე, რომ ერთადერთი არ ვიქნებოდი, ვისაც ამ ადამიანმა მიმოწერა გაუგზავნა. როგორც შემდეგ გაირკვა, მართალი ვიყავი; მიმოწერის მიღებიდან ცოტა ხანში ნინო ჯღარკავას რომ დავუკავშირდი, აღმოჩნდა, რომ ეს მიმოწერა მასაც ჰქონდა.
– ანუ ნინო ჯღარკავას იმავე ადამიანმა გაუგზავნა სქრინები?
– არა. როგორც თვითონ მიამბო, ზაზა გაბედავამ გაუგზავნა – გიორგი გაბედავას მამამ, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. იგივე /სქრინი/ იყო, რაც მე გამომიგზავნეს. მერე თვითონ ნინომ დადო თავის ფეისბუქის გვერდზე ზაზა გაბედავას გამოგზავნილი ეს მიმოწერა, გაბედავას მოწერილით: „ნინო, ნახე რა მომცეს, მაგრამ მე მგონი ფოტოშოპია“. არ ვიცი, ვინ გაავრცელა. ის ადამიანი, ვინც გაავრცელა, თავისი ნამდვილი სახელით და გვარით არ არის რეგისტრირებული.
ნინო ჯღარკავას ერთი წლის წინ ეს მიმოწერა მეც გავუგზავნე. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში სქრინები არსად გამოქვეყნებულა და ვიწრო წრეში ტრიალებდა. რომ ვუგზავნიდი, ჩემი მიზანი მისი /ნინოს/ დატესტვაც იყო, მაინტერესებდა თვითონ რა რეაქცია ექნებოდა.
– ნინო ჯღარკავას და თქვენი ჩათის სქრინს ხომ ვერ მოგვაწვდით?
– მე არ მაქვს, მაგრამ თვითონ ნინოს აქვს მგონი, გამოაქვეყნა კიდეც.