ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სასტუმროს კარანტინში მკურნალობის კურსის გავლა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეეძლებათ.
როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, კარანტინში მკურნალობასგაივლიან მხოლოდ 18-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებსაც თანხმლები დაავადებები არ აქვთ და ამავდროულად, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, 65 წელს ზევით პაციენტები მკურნალობას საავადმყოფოში გაივლიან.
“სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა დღეიდან დაიწყება. უკვე მიმდინარეობს ბათუმში საავადმყოფოდან პაციენტების სასტუმროებში გადაყვანა. გუშინ, კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვსაზღვრეთ ის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ ექიმები. მიდგომა იქნება შემდეგი: 65 წელს ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში, ხოლო 18-დან 65 წლამდე პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდ ინფექცია და ამავდროულად არ აქვთ არანაირი თანმხლები დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობა სასტუმროების ქსელში გაიარონ”, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 3 სამედიცინო პერსონალია, 3-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.