ეკონომიკა მთავარი

300 000 ლარი – საჯარო მოხელის წლიური ხელფასი საქართველოში

საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ანაზღაურება კვლავაც იზრდება

ბოლო დროს საქართველოს საპარტნიორო ფონდის ახალი ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის თვიურ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხზე (21 ათასი ლარი) ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ მიგვეღო ინფორმაცია თუ რა ხდება სხვა საჯარო უწყებებში.  შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება.

საინტერესოა, რა ხდება სხვა საჯარო სტრუქტურებში, სად არის ყველაზე მაღალი ხელფასი და რეალურად რა ფუნქცია აქვს ამა თუ იმ ჩინოვნიკს, რომელიც ბიუჯეტიდან მაღალ ხელფასს იღებს? მარტივად რომ ვთქვათ, რაში იღებენ ისინი ხელფასებს?

შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად, „მეტრონომი“ „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) დაუკავშირდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში წარმომადგენელმა გოგა თუშურაშვილმა გვითხრა, რომ ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის, მარეგულირებელი კომისიის წევრებს, წლების განმავლობაში, ყველაზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ. რიგითი წევრის თანამდებობრივი სარგო წელიწადში 250 000 – 300 000 ლარს შორის მერყეობდა. მარტივი გადაანგარიშების შემდეგ გამოდის, რომ რიგითი წევრის ხელფასი თვეში 20-25 ათასი ლარი გამოდიოდა.

თავისთავად, საზოგადოებას აინტერესებს, კონკრეტულად რაში იღებენ ასეთ მაღალ ხელფასს მარეგულირებელი კომისიის წევრები? შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მაუწყებლობის სფეროს და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელმა ორგანომ, საქმიანობა 2000 წელს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული 5 წევრისგან შედგება. როგორც კომისიის გვერდზე ვკითხულობთ, ამ კომისიის მთავარი მიზანი და საქმე ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობაა.

რა შეიცვალა ანაზღაურებასთან დაკავშირებით ამ სამწლიანი მმართველობის პერიოდში? „ქართული ოცნების“ მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ ძალიან დიდი პრემიების აღების გამო. 2014 წლის მიწურულს საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, მთავრობა დაპირდა მოსახლეობას, რომ გატარებული იქნებოდა ე.წ. „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“, რაც რეალურად გულისხმობდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას.

როგორც თუშურაშვილმა “მეტრონომს” უთხრა, დღეისათვის მარეგულირებელი კომისიის წევრები 15 ათასს ლარს იღებენ თვეში, თუმცა მათ აქვთ დანამატებიც პრემიის სახით, რაც შესაძლოა უტოლდებოდეს კიდეც მათ ძველ ანაზღაურებას.

IDFI -ის კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება გაზრდილია 2014  წელთან  შედარებით.  მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, წინა წელთან შედარებით, 2015 წლის სახელფასო დანამატებზე, 222 573 ლარით მეტი დაიხარჯა.

როგორც ირკვევა, ამ ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება მარეგულირებელ კომისიებში მსგავსად მაღალი ხელფასების გადახდა კომისიის წევრთათვის.  ხელისუფლების მთავარ არგუმენტს, რომ კვალიფიციურ კადრებს თუ შესაფერის ანაზღაურებას არ გადავუხდით, დატოვებენ საჯარო სამსახურს, IDFI – ში უპასუხეს. IDFI -ის წარმომადგენელმა, გოგა თუშურაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები არ არსებობს, მეტიც „ამ კვალიფიციურ კადრებს“ კერძო სექტორში მუშაობისას, გაცილებით უფრო დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ. ორგანიზაციის ინფორმაციით, შრომისა და დასაქმებულთა რაოდენობა საჯარო სექტორში ყოველწლიურად იზრდება. გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები 2016 წლის ბიუჯეტის პროექტშიც.

„ფაქტობრივად ბიუჯეტი ასაქმებს ხალხს, რაც ჩემი აზრით, არასწორია. კერძო სექტორმა უნდა დაასაქმოს ადამიანები.“ – უთხრა “მეტრონომს” IDFI -ის წარმომადგენელმა, გოგა თუშურაშვილმა.

„ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში საჯარო დაწესებულებებში სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით.

IDFI-მ  დაადგინა, რომ საჯარო სამსახურში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის საფუძველში ხშირ შემთხვევაში არ ხდება მითითება, თუ რა კონკრეტული გარემოების გამო იქნა დაჯილდოებული კონკრეტული დასაქმებული. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მხარჯავი დაწესებულებების 81% -ს არ გააჩნია თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....