ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰელოუინი და ახალი საგნები სკოლებში

“სამინისტრო არავის მოუწოდებს გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ”

განათლების სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელშიც  სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, “მეტრონომი” დაუკავშირდა განათლების სამინისტროს. პრესსამსახურის თანამშრომელმა ლალი როზომაშვილმა განაცხადა, რომ სრულიად გაუგებარია სამინისტროს ჩართვა ასეთ თემებში. მისი თქმით,  სამინისტრო არავის მოუწოდებს გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც.

“ეს არის სახელმწიფო დაწესებულება და ვერც ჩვენ და ვერც ეს ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა რადიკალური შეხედულებებით, რაც ხშირად და ამ შემთხვევაშიც დაშორებულია რეალობას, ვერ უკარნახებს ადამიანებს იზეიმონ თუ არა ჰელოუინი”.-განაცხადა როზომაშვილმა.

შეგახსენებთ, სასულიერო პირებმა და მრევლმა განათლების სამინისტროსთან გუშინ აქცია გამართეს. მომიტინგეები ორ საკითხს აპროტესტებდნენ: სკოლებში ჰელოუინის მოწყობას და ახალი საგნის შემოღებას. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, გარკვეულ სკოლებში ჰელოუინის დღესასწაული მოეწყო, ასევე პროტესტი გამოთქვეს ახალი საგნების – “მე და საზოგადოება” და “ჩვენი საქართველო” შემოღებაზე.

“ამ ქმედების შესახებ საქართველოს საპატრიარქო საერთოდ არ იყო ინფორმირებული; ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ გაავრცელა.

“მეტრონომი”  შეეცადა და ამ დრომდე ცდილობს, სკოლის დირექტორებისგან და  მასწავლებლებისაგან უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებას. ერთ-ერთმა დირექტორმა, ჩვენს კითხვაზე, თუ რა სახის სახელმძღვანელოებზეა საუბარი,  გვიპასუხა, რომ ეს თემა ძალიან საფრთხილოა და ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ნუკი მჭედლიშვილი

იტვირთბა....