ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია. დაზიანებულ ნივთებს შორის არის 2018 წელს პეკინის ღია პირველობაზე მოპოვებული თასი. აღნიშნულ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.
როგორც წყარო აცხადებს აღნიშნული ფოტოები ნეკა დოროყაშვილის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.
„მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თასები ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ვანდალურად დაამტვრია. ეს ფოტოები ნეკამ თავად გადაუგზავნა მეგობარს – როგორც ჩანს, ამაყობს, რომ ასე ვანდალურად გაანადგურა ნიკა ბასილაშვილისთვის ამდენად ღირებული ნივთები“ – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი. ანა თავხელიძე აცხადებს რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია. თუმცა, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხრიან ნივთების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.
„პირველად მესმის მსგავსი რამ. სისხლის სამართლის საქმეში ეს ინფორმაცია არ დევს და არც მეორე მხარის მიერ გაჟღერებულა. განქორწინების შემდეგ მათ თავინთი ნივთები გაიყვეს და მე არ ვიცი, ამჟამად სად არის ბასილაშვილის თასები. ალბათ თან წაიღო. ის ნამდვილად ვიცი, რომ არანაირი თასების დამტვრევას ადგილი არ ჰქონია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ანა თავხელიძე.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.