პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს სერიოზული რეპრესიები გადაიტანა და წლების განმავლობაში იჯდა ციხეში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ აქტივობებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. ამასთან, მოგეხსენებათ, “ძალა ერთობაშიამ” ის პრემიერობის კანდიდატად წარადგინა.
მაისაიას თქმით, სააკაშვილი ახლა აგონიაშია და იაფფასიან პროპაგანდას ეწევა, რადგან ის გადაიქცა პოლიტიკურ გვამად. მისი განცხადებით, უკრაინაში სააკაშვილმა პოლიტიკური წონაც დაკარგა და გაუქრა ყველანაირი პოლიტიკური ყნოსვა.
“სააკაშვილი წააგავს 1945 წლის ჰიტლერს ბუნკერში. მას აღარაფერი შეუძლია. მაქსიმუმ სააკაშვილი შესაძლოა თურქეთის საზღვრიდან შემოჭრას შეეცადოს, მსგავსად უკრაინისა, მაგრამ ვფიქრობ ეს დაემსგავსება ოსტაპ ბენდერის მსგავს სიტუაციას, როცა ის კვეთდა რუმინეთის საზღვარს” – ამბობს მაისაია.
მისი განცხადებით, სააკაშვილი ძალიან ბაძავს ივანიშვილს, როცა ამბობს, რომ მხოლოდ 2 წელი იქნება პრემიერი და მერე წავა. თუმცა, სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში მისთვის საშიშია, რადგან მას მისჯილი აქვს და ძებნილია.
“საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის სააკაშვილი დიქტატორია, რომლის დროსაც დაახლოებით 140 ადამიანია მოკლული, 300 ათასმა ადამიანმა გაიარა მისი საკონცეტრაციო ბანაკი და ქვეყანაში 200 პოლიტპატიმარი იყო. მათ აწამებდნენ, შიმშილით კლავდნენ, ხოცავდნენ ისე, როგორც აგვისტოს ომის გმირი, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე მოკლეს…” – აცხადებს ვახტანგ მაისაია.