სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ძმებ ვერულიძეებს საქართველოს სუს-ში არასდროს უმუშავიათ.
უწყების ცნობით, სიუჟეტში ნაჩვენები ავტომობილები გადაღებულია საჯარო სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილ ტერიტორიას.
„მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, გავიდა სიუჟეტი, რომლებიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არიან დასაქმებულები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ძმებ ვერულიძეებს (არც ერთ მათგანს) არასდროს უმუშავიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ავტომობილებს, ისინი გადაღებულია საჯარო სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილ ტერიტორიას.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე წლის 2 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხის მისაღებად კანონით გათვალისწინებულ თარიღს არ დაელოდა.
„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. აღნიშნული სიუჟეტი, „მთავარი არხის“ ეთერში გასული სხვა დეზინფორმაციული სიუჟეტების მსგავსად, მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას და მისი რეპუტაციის დაზიანებას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.