„ჩვენი ამ ინიციატივის ფარგლებში, ამოცანა არის ძალიან მარტივი – ერთი მხრივ, ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს და მეწარმეებს, ვინც ქვეყანაში ამ ბიზნესით არის დაკავებული და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ქართველ მწარმოებლებს“. – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
მინისტრის თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ ივლისში დადო პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარს თანდათანობით, სრულად გადაიყვანდნენ საქართველოში წარმოებულ კვების პროდუქტებზე.
“დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მარტო მიმდინარე წელს 6 მილიონი არის დახარჯული ხორცზე და მთლიანად ამ პროდუქტის შესყიდვა ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად ინდოეთი იყო მომწოდებელი, მაგრამ ასევე იყო სხვა ქვეყნები. ამ წუთას ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა მომავალი წლიდან, ის უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ პროდუქტებზეც, რომელიც იწარმოება საქართველოში, ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს მხოლოდ ქართველი მეწარმეებისთვის”, – თქვა ხიდაშელმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ტენდერი მხოლოდ საქართველოში ნაწარმოებ ხორცზე ცხადდება და არა იმ ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც ხორცი სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ და ყველას, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს, ტენდერში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ ქართული მედია ჩვენი მოსახლეობისთვის ამ ინფორმაციის მაქსიმალურ მიწოდებას უზრუნველყოფს.
მისი თქმით, 2014 წელს ქართულმა ჯარმა 460 ტონა ხორცი მოიხმარა.