სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ქულა 150 000-მდეა უკვე შეუძლიათ უნივერსიტეტებს მიმართონ, რათა დაუფინანსდეთ 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის საფასური.
როგორც „მეტრონომს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, სტუდენტებმა, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის დროს, გადასახადის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუჩერდათ, ჯერ სტატუსი უნდა აღიდგინონ, მთავრობა კი გადაუხდის წინა სემესტრის დავალიანებასა და შემოდგომის სემესტრის სასწავლო გადასახადს. ამასთანავე, მათ ვინც წელს ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებელში და აქვთ 150 000 ქულამდე, უნდა მიმართონ უნივერსიტეტს და მათაც დაუფინანსდებათ ერთი სემესტრის გადასახადი.
განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული დახმარების მისაღებად ცალკე პლატფორმა არ შეიქმნება, პროცედურები კი უნივერსიტეტის გავლით წარიმართება.
„დღეს არის შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც, საკონტაქტო პირებს გამოყოფს უნივერსიტეტი. სტუდენტი მივა, ეტყვის უნივერსიტეტს, რომ აქვს 150 000 ქულაზე ქვემოთ და სასწავლებელი მას გადასახადის დაფარვას აღარ მოსთხოვს, სტუდენტს მსგავსი ტიპის პრობლემა არ შეექმნება, რადგან ყველაფერი უკვე განსაზღვრულია“. – გვითხრეს სამინისტროში.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის საფასურს დაუფინანსებს.
„სოციალურად დაუცველი სტუდენტები,, სახელმწიფოსგან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებენ და ასევე ამავე ქულათა ოდენობის მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მთავრობა ერთი წლის სწავლის საფასურს გადაუხდის“, – განმარტა პრემიერმა.
თამთა ქარქაშაძე