ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიონში 58 წლის ადგილობივი ბიზნესმენი ჯამალ სოსელია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია გალის ადმინისტრაციის ყოფილმა დე ფაქტო ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ გაავრცელა. მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ ეს გალის რაიონში ადამიანის გატაცების პირველი შემთხვევაა.
გამოცემა “ეხო კავკაზა” წერს, რომ ჯამალ სოსელია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და სოჭში ცხოვრობს. თემურ ნადარაია ამბობს, რომ გუშინ დაახლოებოთ 22:00 საათზე ბიზნესმენს თავს ოთხი შეიარაღებული პირი დაესხა. კერძოდ, გამტაცებლებმა სოსელიას ავტომობილი გააჩერეს და მას ენგურჰესის მიმართულებით წასვლა აიძულეს.
“ეხო კავკაზა” წერს, რომ სოსელიამ ავტომობილის სხვა მიმართულებით წაყვანა სცადა, იმ იმედით, რომ მას ვინმე დაინახავდა, თუმცა თავდამსხმელებმა ეს ფაქტი დააფიქსირეს, სოსელია მანქანიდან გადმოიყვანეს და სცემეს, რის შედეგადაც მან სავარაუდოდ გონება დაკარგა. ფაქტს ორი თვითმხილველი ჰყავს. ისინი ენგურჰესის დაცვის თანამშრომლები არიან, როგორც გამოცემა წერს თვითმხილველებმა სოსელიასთვის დახმარების გაწევა სცადეს, თუმცა თავდამსხმელებმა მათაც სცემეს.
ასევე “ეხო კავკაზას” ცნობით, თავდამსხმელები მეგრულად და ქართულად საუბრობდნენ.