მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელებისთვის ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. წილების დაყადაღების შემდეგ მოსალოდნელი ზიანის ამსახველი კალკულაციის წარმოდგენა მოპასუხე მხარეს მან 30 ოქტომბრისთვის მოსთხოვა. ხსენებული შუამდგომლობის თაობაზე, ქიბარ ხალვაშის ადვოკატებიც იმავე დღეს (30 ოქტომბერს) გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას. შემდეგ კი მოსამართლე განჩინებას გამოაცხადებს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და მისი მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ტელეკომპანიისა და მისი პარტნიორების წილების დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართეს. შუამდგომლობა ერთ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარე კონკრეტულად 700 ათას და 400 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა. თუმცა მოსამართლე ზარალის კალკულაციას და გადაწყვეტილების ამის შემდეგ გამოტანას დათანხმდა.
ყადაღით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ქიბარ ხალვაშისგან “რუსთავი 2”-ის ადვოკატები იმ შემთხვევაში ითხოვენ, თუ დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება.