კლუბ “დეჟავუში” მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ქირურგმა ადამ ადამიანმა განუცხადა.
ექიმის განმარტებით, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
„პაციენტი სასწრაფომ შემოიყვანა დიაგნოზით: პოლიტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, აღენიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობები კისრისა და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში. ჩატარდა სათანადო კვლევები, თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლის ღრუს, გულ-მკერდის რენტგენოგრაფია.
ჩაუტარდა ოპერაცია, ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება, დაზიანებული კუნთების მთლიანობის აღდგენა, დრენირება. ამ წუთისთვის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას, სტაბილურია და პაციენტი კონტაქტურია”,- განაცხადა ადამ ადამიანმა.
ექიმის თქმით, პაციენტს ჯერჯერობით დინამიკაში დაკვირვება ესაჭიროება და ხვალ ან ზეგ კლინიკიდან გაიწერება. მისივე განმარტებით, გეგმურად მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა.
შეგახსენებთ, 4 სექტემბერს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კლუბ “დეჟავუში” აფეთქება მოხდა, შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. აფეთქების სავარაუდო მიზეზი ჯანგბადის ბალონის აფეთქება გახდა.