ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაჩალიაშვილმა გაუჩინარების წინა დღეს სხვადასხვა პრეპარატის ჯამში 150 აბი შეიძინა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარების წინა დღეს სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტების 150 აბი შეიძინა. ამის ამსახველი ვიდეომასალა პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი სააფთიაქო ქსელებში პრეპარატებს.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები და აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

“საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

დადგინდა, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“„იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის  პრეპარატი 60 აბი,  და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში,”- განაცხადეს პროკურატურაში.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.

მთავარ პროკურატურაში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვეს.

იტვირთბა....