ძალაუფლების დაკარგვის შიში საქართველოში ყოველთვის ტელეკომპანიებიდან იწყება
ამბობენ, ისტორია მეორდებაო. მართლაც მეორდება და უფრო მეტიც – საქართველოში ისე მეორდება, რომ ხანდახან ისტორიად ქცევასაც ვერ ასწრებს; მაგალითად, 7-8 წლის წინ მომხდარი ამბები ისე ცოცხლდება, თითქოს არც ეს წლები ყოფილა და არც არაფერი შეცვლილა, მთავრობისა და ხელისუფლების მეთოდების ჩათვლით.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, 2015 წელი.
„არკადი პატარკაციშვილი, საზოგადოებისთვის ბადრი პატარკაციშვილად ცნობილი, ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად დანაშაულში, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი „შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად“. ამ საკითხთან დაკავშირებით გატარებული იქნება კანონით დადგენილი ყველა საპროცესო ღონისძიება, რათა არკადი პატარკაციშვილი გამოძიების ორგანოში იქნეს მოწვეული და დაკითხული ეჭვმიტანილის სახით“ – ეს კი ნაწყვეტია საქართველოს გენერალური პროკურორის,ზურაბ ადეიშვილის მოადგილის, ნიკა გვარამიას სატელევიზიო გამოსვლიდან იმ, არც ისე შორეული, 2007 წლის ნოემბერში.
„უპირველეს ყოვლისა, ყადაღა დაედო იმ ტელევიზიას, რომლის მეშვეობითაც იგი (პატარკაციშვილი) ამ პროცესებს მართავს“ – ესეც ნიკა გვარამიას მიერ 2007 წლის სატელევიზიო გამოსვლიდან ამოღებული ციტატაა.
ტელეკომპანია „იმედის“ ლიცენზიის დაყადაღებიდან რვა წლის თავზე „რუსთავი 2“-ს ქონება დაყადაღდა – ტელეკომპანიის, რომლის გენერალური დირექტორიც ახლა უკვე, თავად ნიკა გვარამია გახლავთ. და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი ამჯერადაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ალაპარაკდა.
2007 წლის მოვლენების ოფიციალური ქრონოლოგია შეგიძლიათ ქართულ ვიკიპედიაზე იხილოთ, მე მხოლოდ იმას დავამატებ, რაც მაშინ საკუთარი თვალით ვნახე;
2007 წლის 8 ნოემბრის შუადღეა. საპროტესტო დემონსტრაციები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო, მაგრამ იმ დღემდე აზრად არ მომსვლია ქუჩაში გასვლა – 90-იანებიდან მოყოლებული, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მიტინგები ბევრი მინახავს, მათგან მოტანილი ხეირი კი – არა.
8 ნოემბერს მაინც წავედი აქციაზე – წინა საღამოს ტელევიზიით ნანახი კადრების მერე – რა გამეტებით და განურჩევლად სცემეს სპეცრაზმელებმა დიდს და პატარას ხელკეტებით, წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაშალეს ხალხი. ვიღაცა იტყვის, ასეთი რამეები ხომ ყველა საპროტესტო აქციაზე ხდებაო, მაგრამ ეს სადღაც გადაკარგულში კი არა, აქვე ჩემს ქალაქში ტრიალებდა და თავი ვალდებულად ვიგრძენი ჩემი თანამოქალაქეების გვერდით ვმდგარიყავი. მითუმეტეს, რომ იმ ღამესვე დაარბიეს ტელეკომპანია „იმედი“.
ერთი სიტყვით, 2007 წლის 8 ნოემბერს მე და ჩემი მეგობრები ლესელიძის დაღმართს მივუყვებოდით რიყისკენ, სადაც დემონსტრანტები იკრიბებოდნენ. სიონის ჩასახვევთან ვიყავით მისულები, რომ უცნაურმა სიჩუმემ მომჭრა ყური და მერე ნელ-ნელა ამ სიჩუმეში გაისმა ხმა, რომელიც ალბათ მხოლოდ ნაცისტებზე გადაღებულ ფილმებში თუ მოგისმენიათ – ასობით მძიმე ჩექმის ბრაგუნის ხმა ქვაფენილზე. სხვათა შორის, კინო ტყუილად არ მიხსენებია; ეს ყველაფერი ძალიან არარეალური, განყენებული იყო, თითქოს ეკრანზე ხდებოდა – ჩექმების ბრაგუნი, კუ-კლუქს-კლანელების სამოსის მაგვარი, ოღონდ ფოსფორისფერი სპეცფორმა და სიმღერა, უფრო სწორად სპეცრაზმელთა ხმაშეწყობილი ღრიალი – „ბადრის რა? დედის ტ…ა“. მერეც დიდხანს ვფიქრობდი, რატომ მოახდინა ამ სცენამ ჩემზე ასეთი საზარელი შთაბეჭდილება, – არა, შიშით არ შემშინებია, უბრალოდ თითქოს, ნაცნობ სამყაროს რაღაც არაბუნებრივმა ტალღამ გადაუარა. შეიძლება მიზეზი ის იყო, რომ ასობით ნიღბიანი ადამიანი ერთად, ხმაშეწყობილად აგინებდა ერთ ადამიანს? ან იქნებ იმან შემზარა, რომ უკლებლივ ყველა ამ სპეცრაზმელს მტკიცედ და ფორმულასავით სჯეროდა, რომ დემონსტრანტები სამშობლოს მოღალატეები იყვნენ.
მოგვიანებით, რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ გავხდი მათი ბრმა რწმენის მოწმე, როცა მეტეხის ხიდზე მიმავალს სპეცრაზმელი წამომეწია და ჩემი შეჩერება სცადა – ნუ მიდიხარ სამშობლოს მოღალატეებთანო. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც მაღალფარდოვნად ვუპასუხე – სადაც ჩემი თანამოქალაქეები, იქაც მე-მეთქი. მერე ყველაფერი სწრაფად დამთავრდა. მეტეხის ხიდზე გადასულები არ ვიყავით,რომ სპეცრაზმელების წრე შეიკრა და ცრემლსადენი გაზის ყუმბარები წამოვიდა. დემონტრანტებს ერთადერთი და ყველაზე რთული გზა – ღვინის აღმართზე არბენა დაგვრჩა. მახსოვს, თავი რომელიღაც სადარბაზოს შევაფარეთ, ძლივს ვსუნთქავდით. მერე ნელნელა გაზი გაიფანტა და ჩვენც სახლებში წამოვედით. მოგვიანებით გავიგე, რომ იყვნენ ისეთებიც, ვინც იმ საღამოს სახლში არ მისულა. „იმედის“ დარბევას, რაც შეეხება, იმ ამბის მომწრეების – ჟურნალისტების და ტელეკომპანიების სხვა თანამშრომლების პოსტები შეგიძლიათ ამ ბლოგზე აქ ნახოთ.
დავუბრუნდეთ ისტორიას.
2007-ში სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელად ბადრი პატარკაციშვილი დაასახელეს, ტელეკომპანია „იმედი“ შეთქმულების კი მთავარ ინსტრუმენტად. საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ბადრი პატარკაციშვილისა და ირაკლი კოდუას საუბრის ფარული ჩანაწერი გახდა.
2015 წელი, ოქტომბერი – ტელეკომპანია რუსთავი ორის ქონების დაყადაღების და ხმაურიანი პროცესის გამო საპროტესტო დემონსტრაციები იმართება. ნიკა გვარამია – ამჟამად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, წარსულში კი გენერალური პროკურორის მოადგილე, – პირდაპირ ეთერში აცხადებს (), რომ ხელისუფლებისგან შანტაჟისა და მუქარის მესიჯი მიიღო და რუსთავი 2-ს თუ არ ჩამოშორდება, მას და მის ოჯახს გაუსწორდებიან. პროკურატურამ გვარამიას განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა დიდი აქტიურობით თავი არ გამოუჩენია. მეორე თუ მესამე დღეს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო – საჯაროდ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამჯერად გამოძიების დაწყების საფუძველი უკრაინულ ვებგვერდზე wikileaks.center-ზე გამოქვეყნებული საუბრის სტენოგრამა გახდა. ვებგვერდი ამტკიცებს, რომ ეს საუბარი საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას შორის სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე შედგა.
ასეთ ამბებზე საბავშვო თავსატეხები მახსენდება ხოლმე – იპოვნე ათი განსხვავება სურათებს შორის. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ 2007-ში წინა ხელისუფლებამ უფრო შთამბეჭდავი მტკიცებულება წარადგინა.
და ბოლოს:
ახლა 2015 წლის ოქტომბერია და ჯერჯერობით საქმე დემონსტრანტების დარბევამდე არ მისულა, დემონსტრაციები კი, სავარაუდოდ, მანამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსთავი 2 სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მანამდე კი ნოემბერიც მოვა – იმედი მაქვს 2007 და 2015 წლის ნოემბრის სურათებში განსხვავება უფრო დიდი და არსებითი იქნება, ვიდრე ის, რასაც ახლა ვხედავთ. თუმცა ერთი ფაქტია, რომ ორივე “სახელმწიფო გადატრიალების” მთავარი წყარო ყოველთვის ტელევიზიაა. როგორც ჩანს, სავარძელში რბილად მოკალათებულ ნებისმიერ ხელისუფალს ძალაუფლების დაკარგვის შიში ტელეკომპანიებიდან ეწყება.
გიორგი სურამელი