ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.

„ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება რომ: 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა მოხდა.

 

 

იტვირთბა....