ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ბილანიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში უკვე მეოთხედ დაიბარეს.
ადვოკატის განცხადებით, ისინი პირად საქმეზე იყვნენ მისული და არა შაქარაშვილის საქმეზე.
პირველად იგი 8 ივლისს დაიბარეს, როდესაც ირწმუნებოდა, რომ დიღმის ტრასაზე, სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ის არ ფიგურირებდა და არც 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან ჰქონია შემხებლობა.
შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.