თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
კახა კალაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამშრომლების მუშაობის დისტანციური რეჟიმი მაქსიმალურად შეინარჩუნონ.
„სამწუხაროდ, 38 ახალი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადამიანები, ვინც შეგიძლიათ, რომ სახლიდან დისტანციურად ამუშაოთ, აღნიშნულ რეჟიმში დატოვოთ. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ მერიის შენობაში და ყველა დაწესებულებაში პირბადეებით გადაადგილება აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.