ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეკლესიიდან რომ გამოვასვენეთ, უცებ შალვა ნათელაშვილი მიტინგს ატარებს, წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო” – ბაჩალიაშვილის ბებია

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი ამბობს, რომ მისი შვილიშვილის საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. ამის შესახებ მან POSTV- სთან ისაუბრა. მისი თქმით, 23 წლის პროგრამისტის ეკლესიიდან გამოსვენების შემდეგ ოჯახის წევრებთან “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი მივიდა. როგორც ბაჩალიაშვილის ბებია ამბობს, შალვა ნათელაშვილი მათ მთავრობის დამხობისკენ მოუწოდებდა.

„ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სარალიძის მსგავსად, თამარი მშობლებსაც გამოიყენებენ. სარალიძე თვითონ მიხვდა მერე, ამათაც ასე აწოწიალებენ. ეკლესიიდან რომ გამოვასვენეთ, უცებ შალვა ნათელაშვილი მიტინგს ატარებს ხალხო, შეკრებილები ვართ, მოდით, წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო. გასვენებაში შეიძლება, ეს გააკეთო?! უძახო მოდით და დავამხოთ ეს მთავრობა.

მე ბებიამ, როგორ მოვითმინო ეს, როდესაც სულ სხვა რაღაცა სჭირს ჩემს ბავშვს, მის სულს ხომ უნდა დავეხმაროთ. გადის რამდენიმე კვირა და ბურჯანაძე გამოდის ტელევიზიით თურმე ბებია და შვილიშვილი ჩემი ფანატები ყოფილან და ამიტომ მინდა სამძიმარი ვუთხრაო. გადავირიე კინაღამ“ – განაცხადა ბაჩალიაშვილის ბებიამ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....