ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ცალმხრივად იყო შეყვარებული თავისივე უფროსზე, ვისაც წერილი მიწერა. ეს თამუნას დაწერილი წერილია” – ბაჩალიაშვილის ბებია

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ბებია რიტა ზურაბაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ საუბრობს:

„ვამბობ, რომ ბავშვი თვითმკვლელობას ჩაიდენდა. ძალიან იყო ემოციებით დატვირთული, ოჯახშიც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მერე ცალმხრივად იყო შეყვარებული თავისივე უფროსზე, ვისაც წერილი მიწერა. ეს თამუნას დაწერილი წერილია. არასასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. აქ ვიწროდ ცხოვრობენ, ოთახნახევრიანში, მამას 5 დეკემბერზე ბინა აქვს უცხოელებზე გაქირავებული, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. დისტანციურად სახლიდან მუშაობდა. ეტყობა ამ შეყვარებულს ვერ ხედავდა. ამით დაიძაბა. ერთხელ ჩემთან რომ მოვიდა, მოვილაპარაკეთ, საცხოვრებლად ჩემთან გადმოდი-მეთქი. კარგი აზრიაო. მე ინტერნეტი არა მაქვს სახლში, პენსიონერი ვარ, ვერ ვიხდი. ვიცოდი, რომ კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ინგლისში უნდოდა სწავლა აუცილებლად და კაპიკ-კაპიკ აგროვებდა” – ამის შესახებ მან POSTV- სთან განაცხადა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....