aviabiletebi
ახალი ამბები მედიაკრიტიკა მთავარი

ჟურნალისტთა არაკომპეტენტურობა საზოგადოებას ვნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიაკრიტიკა

მაშინ, როცა თავისუფალ მედიაზე ხელისუფლების მხრიდან პერმანენტული შეტევები მიმდინარეობს, ჟურნალისტებს მაქსიმალური პასუხისმგებლობა გვმართებს ვიმოქმედოთ ადეკვატურად და საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაცია. თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც რესპონდენტს კითხვებს უსვამს აქვს პროფესიული ვალდებულება სათანადოდ იყოს მომზადებული კონკრეტული თემისთვის და არ მისცეს უფლება კითხვების ადრესატს გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია. მსგავს შემთხვევებში, ჟურნალისტი ვალდებულია კითხვა შეუბრუნოს და მიუთითოს რესპონდენტს, რომ მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტი თავად ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელების უნებლიე ხელშემწყობი და უფრო მეტიც, შეიარაღებული თვალისთვის შესამჩნევი ხდება, რომ კონკრეტულ სფეროში ჟურნალისტი, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურია. ეს კი მოქმედებს არა მხოლოდ აღნიშნული, კონკრეტული მედიასაშუალების იმიჯზე, არამედ მსგავსი ხშირი შემთხვევებისას, ზიანდება სრულიად მასმედიის იმიჯი საზოგადოებაში.

ამ წერილის გამოქვეყნების აუცილებლობა გააჩინა ბოლო დროს წამოწეულმა წამყვანმა თემამ მედიაში მინისტრ წულუკიანის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების სფეროში გამოცემულ დისკიმინაციულ ბრძანებას ეხება. მედიისა და სამოქალაქო სექტორის უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ წულუკიანის ინიციატივა არღვევს კანონს და ადამიანის უფლებებს, რის გამოც რამდენიმე სარჩელია მომზადებული, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

“TV პირველის” ეთერში, ჟურნალისტ ანა ახალაიას საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრად მიწვეული იყო დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, რომელმაც ჟურნალისტის კითხვას ცრუ ინფორმაციით უპასუხა, რომ თითქოს ევროპის არც ერთ ქვეყანაში არაა დაშვებული სუროგაცია, რაზეც ჟურნალისტმა არ მიუთითა, რომ მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. იგივე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა „ფორმულას“ სტუდიაში, ჟურნალისტ სოფო ზურაბიანის გადაცემაში მიწვეულმა რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ,  რომელმაც განაცხადა, რომ „ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია“, თუმცა ჟურნალისტმა აქაც არ მიუთითა, რომ რეპროდუქტოლოგი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

არსებობს 2 მიზეზი, თუ რატომ შეიძლებოდა ასე მოქცეულიყო ჟურნალისტი. პირველი – შეგნებული ინტერესი და მეორე – ინტერვიუმდე არასათანადო მომზადება, აღნიშნულ სფეროში ჩაუხედაობა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურობას ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს შეგნებულად გააკეთეს, თუმცა მეორე მიზეზი უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ნებისმიერ ჟურნალისტს, რადგან ერთია რესპონდენტის მიერ გამოთქმული აზრი და მეორე – არასწორი ინფორმაციის გავრცელება მისი მხრიდან, რაშიც ჟურნალისტი აუცილებლად უნდა ჩაერიოს და კითხვა შეუბრუნოს რესპონდენტს. სხვათა შორის, ეს მითითებულია კიდეც „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის“ მიერ 2000 წელს, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ დახმარებით შემუშავებულ „ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის“, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში, სადაც წერია, რომ ჟურნალისტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა არ გამოქვეყნდეს მკითხველთა ისეთი წერილები/ინფორმაცია, რომლებიც მესამე პირს ავნებს.

ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, აღნიშნულ სფეროში ობიექტური რეალობა სულ სხვაა და არა ის, რასაც ზემოთ აღნიშნული რესპონდენტები აცხადებენ. მაშინ, როცა სუროგაცია აკრძალულია ევროპის რიგ ქვეყნებში, ამავდროულად ის დაშვებულია და რეგულირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის: დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, უკრაინაში, ბელგიაში, დანიაში, ნიდერლანდებში, უნგრეთში, რუსეთში, საბერძნეთში, ალბანეთში. ხოლო ევროპის ბევრ ქვეყანაში სუროგაცია არ არის რეგულირებული თუმცა  – არც აკრძალული. მაგალითად ასეთი ქვეყნებია: პოლონეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ირლანდია, ლატვია, ესტონეთი და ლუქსემბურგი.

ასე რომ, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული კონკრეტულ სფეროში, კომპეტენტურ და საქმეში კარგად ჩახედულ ჟურნალისტზე. ალბათ დროა, ჟურნალისტების მხრიდან პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების მიზნით, რედაქციებში მეტი ყურადღება დაეთმოს ეთიკის სტანდარტებზე მუშაობას. ალბათ დროა, რესპონდენტთან კითხვების დასმამდე ნებისმიერი ჟურნალისტი სათანადოდ მოემზადოს სასაუბრო თემაზე იმისათვის, რომ რესპონდენტს არ მიეცეს უფლება გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია, რაც საბოლოოდ ხელ-ფეხს უხსნის ისევ წულუკიანის მსგავს „კანონებით მომანიპულირე“ მინისტრებს, ზემოქმედება მოახდინონ საზოგადოებაზე, რასაც ადამიანის უფლებების დარღვევებამდე მივყავართ.

 

 

 

 

იტვირთბა....