ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

3500 სოციალურად დაუცველ ოჯახსა და 1500-მდე პენსიონერს ზედმეტად მიღებული პენსიებისა და სოციალური დახმარებების დაბრუნება აღარ მოუწევს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ხვალ ბიუროზე დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსიებისა და სოციალური დახმარებების უკან დაბრუნების ვალდებულებებისაგან ბენეფიციართა გათავისუფლებას.

„მე ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი, რამეთუ ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნება ზოგჯერ სასამართლო განხილვას ექვემდებარება და აღსრულებას, და ეს საკმაოდ მძიმედ აღიქმება, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და პენსიონერთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის. ეს შეეხება დაახლოებით 3500 სოციალურად დაუცველ ოჯახსა და 1500-მდე პენსიონერს. ბიუროში დარეგისტრირების შემდეგ, უკვე დავიწყებთ საკომიტეტო განხილვებს და წარვადგენთ სესიაზე კანონპროექტს. მე ვფიქრობ, ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ..

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკვე დაკავებული თანხები, ასევე კომპენსაციის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.

იტვირთბა....